საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან არის მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს საქართველოს პრეზიდენტმა, ვეტო, რომელიც 18 მაისს დაადო „რუსულ კანონს“, მოტივირებული შენიშვნების გარეშე დაუბრუნა პარლამენტს, ეს არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა , - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონსა და პრეზიდენტის ვეტოზე საუბრისას ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, ვეტოში ასახულია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც ირღვევა აღნიშნული კანონით და განმარტებულია, თუ რატომაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი რუსული.

„პრეზიდენტის ვეტო არის მოტივირებული, მასში არის აღწერილი კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც ირღვევა ამ კანონით, განმარტებულია, თუ რატომ არის აღნიშნული კანონი რუსული. არის მოყვანილი მისი მიღების მოტივაცია, თუ რა ფორმით იყო ეს კანონი მიღებული, რომ ეს არის ჩვენთვის მიუღებელი და დაუშვებელი.

რაც შეეხება თვითონ კანონში ერთი წინადადების ჩამატებას, რომ „კანონი ამოქმედდეს ერთ დღით“, ეს არის ჩვეულებრივი იურიდიული ტექნიკა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ კანონი გაუქმდეს. კანონი თუ არ ამოქმედდა, შესაბამისად, მისი გაუქმება შეუძლებელია. ვეტო აისახება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე და facebook-ის ოფიციალურ გვერდზე“, - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.