„ბოტულოტოქსინი ბლოკავს ე.წ. „ტკივილის ტრანსმიტერების“ გადაცემას ნერვული დაბოლოებებიდან, რის შედეგადაც შაკიკის შეტევების სიხშირე და ინტენსივობა კლებულობს“- ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თემურ მარღანიამ განაცხადა.
მისი თქმით, თუ შაკიკი არის გახშირებული, შაკიკური თავის ტკივილი ძლიერი ინტენსივობისაა და ეს ყველაფერი ზღუდავს ყოფით და სოციალურ აქტივობას, აუცილებელია პაციენტმა მიმართოს ექიმს.
„კომერსანტი“ თემურ მარღანიას შაკიკის სიმპტომებზე და მის სამკურნალოდ ბოტულინოთერაპიის გამოყენების უპირატესობაზე ესაუბრა.
- რა არის შაკიკი?
შაკიკი ერთ-ერთი გავრცელებული ნევროლოგიური დაავადებაა, რომელსაც
ახასიათებს ძლიერი, მფეთქავი ტკივილი ძირითადად თავის ერთ მხარეს, თუმცა, ტკივილი, შეიძლება, გამოხატული იყოს მეორე მხარესაც.
- რა სიმპტომები აქვს შაკიკის?
ძირითადი სიმპტომია პულსირებადი თავის ტკივილი. თუმცა, არსებობს შაკიკის რამოდენიმე ტიპი, რომელთა კლინიკური სიმპტომები განსხვავებულია, მათ შორის:
შაკიკი აურის გარეშე - ამ ტიპის შაკიკს ახასიათებს პერიოდულად ზომიერი ან ძლიერი მფეთქავი ტკივილი, რომელიც გრძელდება რამდენიმე საათი ან დღე. შეტევას, შესაძლოა, თან ახლდეს გულისრევის შეგრძნება, მგრძნობელობა სინათლის, ხმის ან სუნის მიმართ;
შაკიკი აურასთან ერთად, ცნობილი, როგორც კლასიკური შაკიკი - იგივე ტიპის თავის ტკივილთან ერთად ახასიათებს მხედევლობის დაბინდვა, მეტყველების ხანმოკლე შეცვლა ან გაძნელება, მგრძნობელობის ცვლილება.
ქრონიკული შაკიკი - ამ ტიპის შაკიკს ახასიათებს ინტენსიური შაკიკის შეტევები თვეში მინიმუმ 15 დღის განმავლობაში;
მენსტრუალური შაკიკი - ჩნდება მენსტრუაციის დროს და შეიძლება იყოს უფრო რთულად სამართავი, ვიდრე სხვა რომელიმე ტიპის შაკიკი.
ჰემიპლეგიური შაკიკი - იშვიათი ქვეტიპი, რომელსაც შეტევის დროს ან შეტევის შემდეგ ახასიათებს კიდურების დროებითი სისუსტე მარჯვენა ან მარცხენა მხარეს.
ბადურის შაკიკი - ცნობილი, როგორც რეტინული შაკიკი, არის შაკიკის იშვიათი ტიპი, რომელსაც ხშირად თან ახლავს მხედველობის დროებითი დარღვევები ან სიბრმავე ერთ თვალში.
ვესტიბულური შაკიკი - ახასიათებს თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა და მგრძნობელობა სინათლის ან ხმის მიმართ. ვესტიბულური შაკიკი დიაგნოსტირება რთულია, რადგან თან ახლავს სხვა ტიპის ვესტიბულური დარღვევის სიმტომები.
- ვინ წარმოადგენს რისკ ჯგუფს?
რისკის ჯგუფი ძალიან ხისტი ნათქვამია, მაგრამ შაკიკი უფრო ხშირია ქალებში ვიდრე მამაკაცებში, რომელთა ასაკი 25- 40 წელია და რომელთაც ახასიათებთ შფოთვა, დეპრესიულობა და/ან უძილობა.
- როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს?
თუ შაკიკი არის გახშირებული, შაკიკური თავის ტკივილი ძლიერი ინტენსივობისაა და ეს ყველაფერი ზღუდავს ყოფით და სოციალურ აქტივობას, აუცილებელია პაციენტმა სასწრაფოდ მიმართოს ექიმს.
- რა არის ბოტულინოთერაპია?
ბოტულინოთერაპიის დროს თავის გარკვეულ არეებში გამოიყენება ბოტულოტოქსინის ინექციები. ბოტულოტოქსინი ბლოკავს ე.წ. „ტკივილის ტრანსმიტერების“ გადაცემას ნერვული დაბოლოებებიდან, რის შედეგადაც შაკიკის შეტევების სიხშირე და ინტენსივობა კლებულობს.
- რა უპირატესობები აქვს ბოტულინოთერაპიის მეთოდს?
ბოტულინოთერაპია უსაფრთხო მეთოდია, პრაქტიკულად არ გააჩნია გვერდითი მოვლენები. ყველაზე ხშირია ზომიერი ტკივილი ან ჩალურჯება ინექციის ადგილას. ძალზე იშვიათად ალერგიული რეაქცია ჭინჭრის ციებ-ცხელების სახით.
- ბოტულინოთერაპიის პროცედურის რა სიხშირით ჩატარებაა საჭირო შაკიკის პრევენციისთვის და რამდენ ხანშია მისი ეფექტი შესამჩნევი?
ბოტულინოთერაპიის ეფექტი აღწევს მაქსიმუმს 1-2 კვირაში და გრძელდება 3-6 თვემდე. შესაბამისად განმეორებითი კურსი სასურველია ჩატარდეს 3-4 თვეში.
- როდის დაინერგა ბოტულინოთერაპია „ნიუ ჰოსპიტალსში“ და შაკიკის გარდა, კიდევ რა შემთხვევაში გამოიყენება?
ბოტულინოთერაპია „ნიუ ჰოსპიტალსში“ რამოდენიმე წელია რაც დაინერგა და გამოიყენება არა მხოლოდ შაკიკზე, არამედ ბლეფაროსპაზმზე, სახის ჰემისპაზმზე, სპასტიურობაზე, ბრუქსიზმზე.