ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უსაფრთხო და ეფექტური კონტრაცეფციის საშუალებების ჩამონათვალს აფართოებს. როგორც ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს საშუალებები შეიძლება შეირჩეს ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად და მოიცავს ფართო სპექტრს — გადაუდებელი კონტრაცეფციის მეთოდებითა და ხანგრძლივი მოქმედების იმპლანტებიდან დაწყებული, მამაკაცებისთვის განკუთვნილი, ჯერ კიდევ შემუშავების პროცესში მყოფი კონტრაცეპტივებით დამთავრებული.
შეფასებების თანახმად, მსოფლიოში დაახლოებით 164 მილიონ ქალს სურს ორსულობის გადადება ან თავიდან აცილება, თუმცა კონტრაცეფციის მეთოდებს არ იყენებს.
არჩევანის გაფართოება ადამიანებს საშუალებას მისცემს, ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღონ იმის შესახებ, გამოიყენონ თუ არა კონტრაცეფცია, რომელი მეთოდი აირჩიონ და როდის შეცვალონ ან შეწყვიტონ მისი გამოყენება.
ახალი სახელმძღვანელო არსებული მეთოდების გამოყენების ალტერნატიულ გზებსაც გვთავაზობს. მაგალითად, კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების ციკლური მიღების ალტერნატივად ჯანმო რეკომენდაციას უწევს მათ გახანგრძლივებულ რეჟიმში გამოყენებას — ექვს თვემდე, ან უწყვეტად — ერთ წლამდე.
ჯანმო ასევე უშვებს უკვე ჩასმული კონტრაცეპტიული იმპლანტის ხუთ წლამდე გამოყენების შესაძლებლობას. ეს ამცირებს იმპლანტის უფრო ხშირად შეცვლის საჭიროებას, სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტების რაოდენობას და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
ჯანმომ გადაუდებელი კონტრაცეფციის ვარიანტებს მიფეპრისტონიც დაამატა. რეკომენდებულია მისი მიღება რაც შეიძლება მალე, თუმცა არაუგვიანეს დაუცველი სქესობრივი აქტიდან ხუთი დღის განმავლობაში.
არსებული მონაცემები მიუთითებს, რომ მიფეპრისტონი 10–50 მგ დოზით შესაძლოა ისეთივე ეფექტური და უსაფრთხო იყოს, როგორც გადაუდებელი კონტრაცეფციის სხვა მეთოდები.
ჯანმოს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის, დედათა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობისა და დაბერების საკითხების დეპარტამენტის დირექტორის, პასკალ ალოტეს განცხადებით, არჩევანის შესაძლებლობა გენდერული თანასწორობის ერთ-ერთი პირობაა. მისი თქმით, არ არსებობს კონტრაცეფციის ერთი მეთოდი, რომელიც ყველასთვის თანაბრად შესაფერისი იქნება.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს სჭირდებათ სხვადასხვა მეთოდი, რომლებიც შეესაბამება თანამედროვე მეცნიერებისა და მედიცინის დონეს და შეიძლება შეირჩეს გამოყენების სიმარტივის, ინვაზიურობის ხარისხის, ქცევითი ფაქტორების, საიმედოობისა და ხელმისაწვდომობის
ჯანმომ რეკომენდაცია გასცა ორმელოქსიფენზე დამატებითი კვლევების ჩატარების შესახებ, რადგან მისი უსაფრთხოების შესახებ არსებული მონაცემები ჯერ საკმარისი არ არის ოჯახის დაგეგმვის პროგრამებში პრეპარატის გამოყენებისთვის.
გარდა ამისა, მონაცემების სიმცირისა და სერიოზული არასასურველი მოვლენების შესახებ შეტყობინებების გამო, ახალი სახელმძღვანელო არ ურჩევს ქინესტროლის შემცველი კონტრაცეპტიული აბების ეროვნული კონტრაცეფციის პროგრამებში ჩართვას.
რაც შეეხება მამაკაცტთა კონტრაცეფციას, ახალი სახელმძღვანელო ეფუძნება უკვე გამოყენებული კონტრაცეფციის მეთოდების შესახებ უფრო ფართო სამეცნიერო მონაცემებს.
ამჟამად მამაკაცის მიერ კონტრაცეფციის მიზნით გამოყენებადი მეთოდების რაოდენობა შედარებით მცირეა — ძირითადად პრეზერვატივი, სქესობრივი აქტის შეწყვეტა და ვაზექტომია.
მიუხედავად შეზღუდული არჩევანისა, წყვილების დაახლოებით 30% სწორედ მამაკაცის კონტრაცეფციის მეთოდებს იყენებს.
ჯანმოს კვლევა ეწინააღმდეგება გავრცელებულ მოსაზრებას, თითქოს მამაკაცებს ახალი კონტრაცეპტიული საშუალებების გამოყენება არ სურთ. გამოკითხული წყვილების 75%-ზე მეტმა განაცხადა, რომ მზად იქნებოდა მამაკაცის კონტრაცეფციის ახალი მეთოდის გამოსაყენებლად, ხოლო ქალების 85%-ზე მეტმა აღნიშნა, რომ თანახმა იქნებოდა ორსულობისგან დაცვის პასუხისმგებლობა მამაკაც პარტნიორს დაეკისროს.
დოკუმენტის მიზანია მკვლევრებისთვის, დონორებისა და მწარმოებლებისთვის მკაფიო მიმართულების მიცემა და ისეთი ბაზრის განვითარებისთვის ხელშეწყობა, რომელიც უკეთ პასუხობს ადამიანების საჭიროებებს.
ამჟამად მიმდინარეობს მამაკაცის კონტრაცეფციის რამდენიმე ჰორმონალური და არაჰორმონალური მეთოდის შესწავლა, ხოლო რამდენიმე პერსპექტიული საშუალება უკვე კლინიკური კვლევების გვიან ეტაპებზეა. ამის საფუძველზე მოსალოდნელია, რომ მომდევნო 5–10 წლის განმავლობაში ბაზარზე მამაკაცის კონტრაცეფციის ახალი, შექცევადი მეთოდები გამოჩნდება.
ჯანმო გეგმავს ქვეყნებისთვის დახმარების გაწევას ოჯახის დაგეგმვის სტრატეგიებისა და გეგმების მოდერნიზებაში, უახლესი და ყველაზე დამაჯერებელი სამეცნიერო მტკიცებულებების საფუძველზე.