სახელმწიფო საწარმოების ფინანსური მდგომარეობის სრულყოფილად შეფასებას არასრული ანგარიშგება ართულებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში ცენტრალური მთავრობის კონტროლს დაქვემდებარებული სამთავრობო სექტორის 113 საწარმოდან მხოლოდ 82-ის შესახებ იყო ინფორმაცია წარმოდგენილი.
აუდიტის შეფასებით, მონაცემების არასრული კონსოლიდაცია სახელმწიფოს ხელს უშლის საწარმოების საერთო ფინანსური მდგომარეობის, მათთვის შესაძლო საბიუჯეტო მხარდაჭერის საჭიროებისა და ბიუჯეტისთვის არსებული ფისკალური რისკების სრულად შეფასებაში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმის 2023–2026 წლების სტრატეგია სრულად არ ხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ კორპორაციული მართვის კოდექსი 2021 წელს დამტკიცდა, არ არის განსაზღვრული იმ საწარმოთა ჩამონათვალი, რომლებზეც კოდექსი უნდა გავრცელდეს. ამასთან, 2025 წლის სამოქმედო გეგმა დამტკიცებული არ იყო.
ხარვეზებია რეფორმის შესრულების კონტროლის მიმართულებითაც. აუდიტის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს არ მოუმზადებია სტრატეგიით გათვალისწინებული 2024 წლის ექვსთვიანი პროგრესისა და წლიური შესრულების ანგარიშები, ასევე 2025 წლის ექვსთვიანი პროგრესის ანგარიში.
აუდიტის სამსახური ასევე მიუთითებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საწარმოების კონტროლის პრობლემებზე: ზოგიერთი კომპანიის ბიზნესგეგმები და მმართველობითი ანგარიშები ზედმეტად ზოგადი იყო, ხოლო შვილობილ კომპანიებზე გადარიცხული თანხების მონიტორინგი სათანადოდ არ ხორციელდებოდა.
აუდიტის რეკომენდაციებს შორისაა ფინანსური მონაცემების კონსოლიდაციის გაუმჯობესება, ფისკალური რისკების შესახებ უფრო სრულყოფილი ინფორმაციის გამოქვეყნება და სახელმწიფო საწარმოების საქმიანობაზე მონიტორინგის გაძლიერება.