საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაამტკიცა ცვლილებები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში და მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტებში, რომლებიც საპენსიო შენატანის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის წესს ცვლის. ცვლილებები ასევე ითვალისწინებს დამსაქმებლებისთვის უკვე დაკისრებული და გადაუხდელი ჯარიმებისგან გათავისუფლებას.
კანონით გათვალისწინებული ერთჯერადი ამნისტია გავრცელდება იმ ჯარიმებზე, რომლებიც 2025 წლის 1 მაისის შემდეგ წარმოშობილი საპენსიო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამოა დაკისრებული და ამ დრომდე გადაუხდელია. 2026 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით, აღნიშნული შეღავათი 48 069 ჯარიმას, 13 488 დამსაქმებელს და ჯამში 42.9 მლნ ლარის ოდენობის ადმინისტრაციულ სახდელს შეეხებოდა.
ჯარიმისგან გათავისუფლებისთვის დამსაქმებელმა 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სრულად უნდა დაფაროს საპენსიო შენატანი და მასზე დარიცხული საურავი. შეღავათი გავრცელდება 2026 წლის 18 სექტემბრამდე დაკისრებულ და გადაუხდელ ჯარიმებზე.
ამასთან, 2026 წლის 15 ოქტომბრიდან საპენსიო შენატანის განუხორციელებლობისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა 300 ლარით განისაზღვრება. თუ დამსაქმებელი ჯარიმის დაკისრებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში სრულად გადაიხდის საპენსიო შენატანსა და მასზე დარიცხულ შესაბამის თანხას, ჯარიმის გადახდის ვალდებულება გაუქმდება.
ცვლილებები ასევე ითვალისწინებს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების განხილვისა და აღსრულების პროცედურების 2026 წლის 31 დეკემბრამდე დროებით შეჩერებას. ამ პერიოდში აღსრულების ეროვნულ ბიუროსაც შეუჩერდება აღსრულების პროცესი, ხოლო საპენსიო ფონდი მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აღსასრულებლად არ მიაქცევს.
ამასთან, საქმის წარმოების შეჩერება საპენსიო შენატანზე საურავის დარიცხვას არ შეაჩერებს.
დამსაქმებლებს ჯარიმისგან გათავისუფლებისთვის ცალკე განცხადების შეტანა არ დასჭირდებათ. შეღავათი ავტომატურად გავრცელდება ყველა იმ დამსაქმებელზე, რომელიც კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს შეასრულებს.