ეროვნული ბანკი რეზერვების შევსების დაწყებას აანონსებს. სებ-ის პრეზიდენტის ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში ვალუტის კარგი, ძლიერი შემოდინებებია. მისივე განმარტებით, თებერვალში ლარის კურსის გამყარება სწორედ უცხოური ვალუტის მაღალმა ნაკადებმა განაპირობა.

რას უკავშირდება ლარის კურსის გამყარება? კითხვით ,,კომერსანტმა“ ფინანსისტ დავით კიკვიძეს მიმართა. ის აცხადებს, რომ ქვეყანაში მიგრანტების მასიური შემოსვლის შემდეგ მათი დიდი ნაწილი საქართველოში დარჩა. მათ უცხოეთიდან თანხები დღემდე ერიცხებათ, რამაც ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინება უზრუნველყო. გარდა ამისა, ეკონომიკურმა სუბიექტებმა პოლიტიკური კრიზისის მიმართ ადაპტაცია განიცადეს. ეკონომისტი განმარტავს, რომ არასტაბილური ვითარების დაწყების პერიოდში ეკონომიკური აქტორები ფრთხილ მოქმედებებს აკეთებდნენ, თუმცა რადგან კრიზისი გაგრძელდა, მათ არსებულ ვითარებასთან ადაპტაცია განიცადეს და აქტიურობაზე გადავიდნენ.

,,ბოლო რამდენიმე წელია, რაც საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინებამ მკვეთრად მოიმატა. ფაქტობრივად, ამის ერთადერთი მიზეზი არის რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად მიგრანტთა ძალიან დიდი რაოდენობა საქართველოში. ზუსტად ამ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა დაიწყო რეზერვების შევსება, რადგან ნაკადი საკმაოდ მაღალი იყო. ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია რეზერვებმა ამ პერიოდში. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, არჩევნების შემდეგ კურსის გაუფასურება პოლიტიკურ არასტაბილურობას უკავშირდება. ეკონომიკურმა სუბიექტებმა დაიწყეს გარკვეული ე.წ. ბუფერების, თავისთვის გარკვეული რეზერვების შექმნა იმისთვის, რომ სამომავლო სავალუტო რისკები თავიდან აეცილებინათ. თუმცა, რადგან პოლიტიკური არასტაბილურობა გაგრძელდა და ეს გაგრძელება გრძელვადიან პერსპექტივაში დაფიქსირდა, ეკონომიკურმა სუბიექტებმა გარკვეული ადაპტაცია განიცადეს ამ პროცესთან და ფრთხილი პოლიტიკა შეცვალეს. გარკვეულ წილად გადავიდნენ აქტიურობაზე. ამან, რა თქმა უნდა, გამოიწვია გარკვეულ წილად ლარის დასტაბილურება და თავის, გარკვეულ ნიშნულამდე დაბრუნება. თუმცა, გარდა ამისა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტორი, რომ რადგან ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ მაღალია ნაკადი და დაიწყებს რეზერვების შევსებას, ეს თავის თავად დაკავშირებულია ისევ და ისევ იმ მიგრანტებთან, რომლებიც საქართველოში დარჩნენ პირველადი მიგრაციის შედეგად. ეს რაოდენობა საკმაოდ დიდია როგორც თბილისში, ასევე ბათუმში და სხვა ქალაქებში. მიგრანტები შემოსავალს ჯერ კიდევ იღებენ ფულადი გზავნილების სახით. საკუთარი ქვეყნებიდან თანხები ერიცხებათ და ეს რეალურად ფულადი ნაკადების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.’’- აცხადებს დავით კიკვიძე.

ფინანსისტი აღნიშნავს, რომ უცხოური ვალუტის შემოდინების ფონზე ეროვნულ ბანკს რეზერვების შევსება ნამდვილად შეუძლია, თუმცა ეს ფრთხილად უნდა გაკეთდეს, რადგან ბაზარზე დიდი ოდენობით ლარის გამოშვებამ შესაძლოა ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლა გაზარდოს, რაც მის გაცვლით კურსზე ნეგატიურად იმოქმედებს.

,,შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეროვნული ბანკი დაიწყებს რეზერვების შევსებას, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ რეზერვების შევსებამ შეიძლება უკუპროპორციული შედეგი მოგვცეს და ლარის კურსზე გარკვეული ზეწოლა მოახდინოს. ეროვნულმა ბანკმა შეიძლება უცხოური ვალუტის გადამეტებული მოთხოვნა შექმნას ბაზარზე. რაც გარკვეულ წილად ფასის გაძვირებას, ანუ ლარის გაუფასურებას გამოიწვევს. თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ეროვნული ბანკი ამას სწორად შეაფასებს და ამის მიხედვით დაიწყებს რეზერვების შევსებას. ეს ფრთხილი პოლიტიკით და ფრთხილი შეფასებით უნდა მოხდეს.’’- განმარტავს დავით კიკვიძე.

თუ მიგრანტებმა ქვეყანა მასიურად დატოვეს, ეს უცხოური ვალუტის შემოდინებაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს. ფინანსისტი დავით კიკვიძე განმარტავს, რომ ფულადი ნაკადების შემცირების შემთხვევაში ქვეყანას ძველ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე გადალაგება მოუწევს. მისი განცხადებით, მხოლოდ ინვესტიციებისა და ტურიზმის გზით შემოსული უცხოური ვალუტა საკმარისი ვერ იქნება, რადგან ეს მაჩვენებლები ამ ეტაპზე ძალიან დაბალია.