„2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში საზღვარგარეთიდან 118.3 მილიონი ლარის გრანტი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 60%-იანი კლებაა,“ - ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) კვლევაშია აღნიშნული. ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს უცხოეთიდან მიღებული გრანტების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
გრანტების შემცირება უმეტესწილად ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტების შეჩერებამ განაპირობა. IDFI-ის ინფორმაციით, აღნიშნული ტიპის დაფინანსება სრულად ევროკავშირიდან მოდიოდა. პანდემიის პერიოდში ევროკავშირი საქართველოს ბიუჯეტს მნიშვნელოვანი მოცულობის მხარდამჭერ გრანტებს გამოყოფდა, მათ შორის მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის დასაფინანსებლად.
2024 წელს ევროკავშირიდან ბიუჯეტში ჩარიცხული 61 მილიონი ლარის მხარდამჭერი გრანტი რამდენიმე პროგრამაზე გადანაწილდა: ინტეგრირებულ ტერიტორიულ განვითარებაზე — 23.5 მილიონი ლარი, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამაზე — 14.8 მილიონი, ეკონომიკურ მმართველობასა და ფისკალურ ანგარიშგებაზე — 12.3 მილიონი, ხოლო უნარების განვითარებასა და დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე — 10.8 მილიონი ლარი.
რომ შევაჯამოთ, 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში ევროკავშირიდან გრანტის სახით მხოლოდ 7 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, მაშინ როცა 2024 წელს ეს მაჩვენებელი 61 მილიონ ლარს შეადგენდა.
2025 წელს შემცირდა სხვა ტიპის გრანტებიც. საინვესტიციო გრანტები 44.2 მილიონიდან 38.9 მილიონ ლარამდე, ხოლო მიზნობრივი გრანტები 83.4 მილიონიდან 79.4 მილიონ ლარამდე შემცირდა. საინვესტიციო გრანტების ძირითადი დონორები KfW — 21.7 მილიონი ლარით და ევროკავშირი — 11.5 მილიონი ლარით იყვნენ.
IDFI-ის თანახმად, 2026 წელს მდგომარეობის გაუმჯობესება ბიუჯეტის გეგმითაც არ იკვეთება — საზღვარგარეთიდან მოსალოდნელია მხოლოდ 86.3 მილიონი ლარის გრანტის მიღება.
ამავე დროს, შემცირებული საგარეო გრანტები ნაწილობრივ დააბალანსა სახელმწიფო ბიუჯეტში სსიპ-ებიდან მიღებულმა გრანტებმა. 2025 წელს სსიპ-ებიდან ბიუჯეტში რეკორდულად დიდი — 161.3 მილიონი ლარი შევიდა. 2026 წლის გეგმით კი ამ თანხის მოცულობა 260 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 2025 წელთან შედარებით 61%-იანი, ანუ 99 მილიონი ლარის ზრდაა.
2022-2025 წლებში საზღვარგარეთიდან მიღებული გრანტები 55%-ით, 142 მილიონი ლარით შემცირდა, მაშინ როცა სსიპ-ებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში შესული გრანტები 64%-ით, 63 მილიონი ლარით გაიზარდა.
IDFI განმარტავს, რომ სსიპ-ების ანგარიშებზე არსებული ჭარბი რესურსები ძირითადად მათი მომსახურებებიდან მიღებული შემოსავლებით, მათ შორის მომსახურებებზე დაწესებული საფასურებით, წარმოიქმნება და მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლოა სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართოს.
მაგალითად, შსს მომსახურების სააგენტოს შემოსავალმა 2025 წელს 289.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 20%-იანი ზრდაა. 2026 წლის პირველ ექვს თვეში სააგენტოს შემოსავალმა 164.7 მილიონი ლარი შეადგინა — წლიურად 29%-იანი ზრდა. სააგენტოს ანგარიშზე ნაშთის სახით 200 მილიონი ლარი ირიცხება, რასაც IDFI, სხვა ფაქტორებთან ერთად, სერვისებზე გაზრდილ ტარიფებს უკავშირებს.
IDFI-ის შეფასებით, ბოლო წლებში საზღვარგარეთიდან ფინანსური დახმარების შემცირების ფონზე სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების მოცულობის ნაწილი ადგილობრივი სსიპ-ებიდან მობილიზებული თანხებით კომპენსირდება. ორგანიზაციის განცხადებით, ეს რესურსები დიდწილად სერვისების სატარიფო პოლიტიკით მიღებულ ჭარბ შემოსავლებს უკავშირდება.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველო დასავლეთის პარტნიორებისა და საერთაშორისო ინსტიტუტებისგან მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას იღებდა, ხოლო ბოლო წლებში, IDFI-ის შეფასებით, ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა და დასავლეთთან ურთიერთობების გაუარესებამ საქართველოს მთავრობისთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარების არაერთი პროგრამის შეჩერება გამოიწვია.