ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის შეჯამებისას, ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მიმართ ინტერესი გაზრდილია. მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებზე მოდის.

ქვრივიშვილის თქმით, ვიზიტის ფარგლებში ქართულმა მხარემ შეხვედრები გამართა ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრთან, კომერციის მინისტრის მოადგილესთან, ასევე მსხვილ ჩინურ კომპანიებთან, რომლებიც ტრანსპორტის, გადაზიდვების, პორტების ოპერირებისა და ენერგეტიკის მიმართულებით საქმიანობენ.

„ვიზიტის მსვლელობისას ჩვენ დავინახეთ, რომ ძალიან გაზრდილია ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი, განსაკუთრებით გამოვყოფდი ენერგეტიკის, ისევე როგორც ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ვიზიტის შეჯამებისას, მინისტრმა ასევე ისაუბრა ჩინეთში გამართულ გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმზე, სადაც საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკის განვითარების გეგმები განიხილეს. ქვრივიშვილის თქმით, ფორუმზე ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობასა და საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციაზე.

ქვრივიშვილის განცხადებით, ჩინეთში ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.