„ქარისა და მზის ენერგიების მიმართულებით რამდენიმე პროექტის განხორციელება უკვე აქტიურ ეტაპზეა“,- ამის შესახებ საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის თავმჯდომარემ, მაია მელიქიძემ „კომერსანტის“ ეთერში რუბრიკაში „ენერგოეფექტურობა შენი კეთილდღეობისთვის“ ისაუბრა.

მისი თქმით, განახლებადი ენერგიები მსოფლიოს მასშტაბით პრიორიტეტული ხდება. მართალია, საწყისი ინვესტიცია მაღალია, თუმცა საბოლოო ჯამში, გრძელვადიანი სარგებელი ამ თანხად ღირს. 

„განახლებადი ენერგიები არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც პრიორიტეტი ხდება, რადგან ელექტროენერგიის გენერაცია და ზოგადად, გაგრილება-გათბობის საკითხები უკიდურესად მნიშვნელოვანია. საქართველო, ენერგოწყაროებით განსაკუთრებით მდიდარია, რადგან მის ტერიტორიაზე 26000-მდე მდინარეა და ეს ქმნის ბუნებრივ რესურსს, რომლის გენერაციაც ელექტროენერგიის მისაღებად შესაძლებელია. ქარისა და მზის ენერგიების მიმართულებით უკვე რამდენიმე პროექტი აქტიურ ეტაპზეა, დარწმუნებული ვარ, წლის ბოლოს კონკრეტულ ციფრებზე მომიწევს საუბარი. 

ახლა კი „მზის ბუმი“ იწყება- მომდევნო 2 წელში ველოდები, რომ ბევრი მზის ელექტროსადგური აშენდება. მართალია, პირველადი ინვესტიცია ძვირია, მაგრამ გრძელვადიანი სარგებელი გაცილებით მნიშვნელოვანია. ჩვენი დათვლებით, ჩადებული ინვესტიციის ამოღებას დაახლოებით, 5-7 წელი სჭირდება, ხოლო მზის პანელების ექსპლუატაციის ვადა დაახლოებით 25 წელია“,- აღნიშნა მელიქიძემ. 

საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის თავმჯდომარის განმარტებით, ენერგოეფექტურობა არა მხოლოდ გარემოზე მორგებული „მწვანე პოლიტიკის“ ნაწილია, არამედ მნიშვნელოვნად ამცირებს მომხმარებლების ენერგოსაჭიროებაზე დანახარჯებს, მსოფლიოს მასშტაბით შექმნილი მზარდი კონკურენციის გათვალისწინებით კი ასეთ ენერგიაზე წვდომა უფრო და უფრო ბიუჯეტური ხდება.

მელიქიძის თქმით, განახლებადი ენერგია განსაკუთრებით ეფექტიანი მთიან რაიონებშია.

„ტექნოლოგიურმა განვითარებამ და შექმნილმა კონკურენციამ განახლებადი ენერგიების ფასზე საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა, მაჩვენებლები წლიდან წლამდე უფრო და უფრო იაფდება. უკვე ისეთი ტენდენციაა შექმნილი, რომ შესაძლებელია არა მხოლოდ მზის განათებების სახურავზე დამონტაჟება, არამედ ქარის ელექტროენერგიის გენერაციაც კი. ამ ყველაფრის არგამოყენება დანაშაულიც კი არის, რადგან ისე ძვირდება ეს პროდუქტი, რომ ჩვენ უკვე მყისიერი ნაბიჯები უნდა გადავდგათ და შევქმნათ მოსახლეობისთვის ხელშესაწყობი მექანიზმები, შეიძლება ეს იყოს სუბსიდირება ან დახმარების გაწევა სარემონტო სამუშაოების ჩატარების მხრივ.

ენერგოეფექტიანობა ავტომატურად ადამიანის ფინანსურ კეთილდღეობას ნიშნავს. ხშირად მინახავს, რომ მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობა ითხოვს სოფლის განვითარების პროგრამის ბიუჯეტი სწორედ ენერგოეფექტიანობის კუთხით დაიხარჯოს და მათთვის მზის პანელების დადგმას მოხმარდეს. ეს მიანიშნებს, რომ ადამიანებს უკვე კარგად აქვთ გააზრებული, თუ რას ნიშნავს ენერგოდამოუკიდებლობა. ელექტროენერგიის დაზოგვა ყველას ინტერესშია, რადგან ეს პირდაპირ უკავშირდება გარემოსდაცვით საკითხებსა და ადამიანის პირად შემოსავლებს“,- აღნიშნა მაია მელიქიძემ „კომერსანტის“ რუბრიკაში - „ენერგოეფექტურობა შენი კეთილდღეობისთვის“.

ინფორმაციისთვის, რუბრიკა ხორციელდება ევროკავშირისა და KfW-ის ფინანსური მხარდაჭერით, “საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის” ფარგლებში.