ჩინეთის საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას პატივს სცემს და მიიჩნევს, რომ განახლებული მოდელი საერთაშორისო კომპანიების უფრო ფართო ჩართულობას შეუწყობს ხელს,- ამის შესახებ მათ რადიო თავისუფლებას განუცხადეს.
საელჩოს განმარტებით, ჩინური კომპანია China Communications Construction Company (CCCC), რომელიც თავდაპირველად ტენდერში მონაწილეობდა, პროექტის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო კომერციული წესების სრული დაცვით მოქმედებდა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან აქტიურ კომუნიკაციას ინარჩუნებდა.
ჩინეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, პროექტზე სამშენებლო და ოპერირების მიმართულებებით ახალი ტენდერების გამოცხადების შესახებ, შესაძლოა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უფრო მეტი კომპანიის ინტერესის საფუძველი გახდეს. ამასთან, პეკინი მომავალშიც წაახალისებს ჩინურ კომპანიებს, საბაზრო პრინციპების დაცვით, მონაწილეობა მიიღონ ანაკლიის პორტის განვითარებაში.
საელჩოში მიაჩნიათ, რომ ანაკლიის პორტის დროული დასრულება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს „შუა დერეფნის“ კონკურენტუნარიანობის ზრდაში, ასევე ხელს შეუწყობს ევრაზიის რეგიონში წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობას. მათივე შეფასებით, ჩინურ კომპანიებს პორტების პროექტირების, მშენებლობისა და ოპერირების მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი გამოცდილება აქვთ, ხოლო საზღვარგარეთ ინვესტირების გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, კომერციული პრინციპებით იღებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის განვითარების მოდელი შეცვალა. ახალი გადაწყვეტილებით, პროექტი სრულად სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება, ხოლო სამშენებლო და ოპერირების კომპონენტებზე ცალკეული საერთაშორისო ტენდერები გამოცხადდება. მანამდე პროექტის 49%-იანი წილის მიღებას ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი გეგმავდა, თუმცა ის პროცესს ჩამოშორდა.