თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის, ნინო ბაგაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში ქუჩის სამანქანო ნაწილის სიგანე არ შემცირდება და რიგ მონაკვეთებზე ავტომობილებისთვის დამატებითი ზოლებიც მოეწყობა.

როგორც ბაგაშვილმა „იმედის“ ეთერში აღნიშნა, იმ ადგილებში, სადაც ამჟამად ორი სამანქანო ზოლია, კონკრეტულ სატრანსპორტო კვანძებთან სამი ზოლი იქნება, რაც მძღოლებს საშუალებას მისცემს გადაადგილდნენ როგორც პირდაპირ, ასევე მარცხნივ და მარჯვნივ მოხვევის მიმართულებით.

მისი თქმით, პროექტი არ ითვალისწინებს არც საფეხმავლო სივრცის შემცირებას. პირიქით, გამზირზე რამდენიმე ახალი საფეხმავლო კუნძული გაჩნდება, მათ შორის სასტუმრო „რედისონთან“ მდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ამჟამად ნაწილობრივ ავტომობილებისთვის გამოიყენება.

„ეს სივრცე დღეს სრულად ათვისებული არ არის. პროექტის ფარგლებში მისი უკეთ გამოყენება მოხდება და ქვეითებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება“, - განაცხადა ბაგაშვილმა.

სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ცვლილებების ერთ-ერთი მიზანი რუსთაველის გამზირზე ავტომობილების მოკლე გაჩერებისთვის სპეციალური ადგილების შექმნაც არის. მისი განმარტებით, ამჟამად გამზირზე არ არსებობს სივრცე, სადაც მანქანას შეუძლია უსაფრთხოდ გაჩერდეს მგზავრის ჩასასმელად ან ჩამოსასმელად.

„იქმნება სპეციალური ადგილები, სადაც ტაქსი ან კერძო ავტომობილი შეძლებს მცირე ხნით გაჩერებას, მგზავრის აყვანას ან ჩამოსმას და შემდეგ მოძრაობის გაგრძელებას. ეს მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი ბიზნესისთვის, ისე მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის“, - აღნიშნა ნინო ბაგაშვილმა.