საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის გაძვირების ფონზე, საქართველოს საცალო ბაზარზე საწვავის ფასებმა კვლავ ზრდა დაიწყო. ივლისის ბოლო დღეებში ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე ბენზინისა და დიზელის ღირებულება, ქსელის მიხედვით, 4-დან 15 თეთრამდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ ივნისის დასაწყისიდან ივლისის პირველ ნახევრამდე საწვავი საქართველოში ეტაპობრივად იაფდებოდა. იმ პერიოდში ფასების შემცირება საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის სტაბილიზაციას უკავშირდებოდა, რასაც, თავის მხრივ, აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობის შემცირება განაპირობებდა. თუმცა, ახლო აღმოსავლეთში ბოლო პერიოდში შექმნილმა ვითარებამ ნავთობის ფასების ახალი ზრდა გამოიწვია, რაც ადგილობრივ ბაზარზეც აისახა.
საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიების ოფიციალურ ვებგვერდებზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, რამდენიმე მსხვილ ქსელში ფასები უკვე შეიცვალა.
Gulf-ის ავტოგასამართ სადგურებზე ბოლო ცვლილება 23 ივლისს დაფიქსირდა. ბენზინის სხვადასხვა სახეობა 4-11 თეთრით გაძვირდა, ხოლო დიზელის ღირებულება უცვლელი დარჩა. ამჟამად G-Force სუპერი 4.20 ლარი ღირს, G-Force პრემიუმი – 3.77 ლარი, ხოლო G-Force ევრო რეგულარი და ევრო რეგულარი – 3.59 ლარი. დიზელის ფასი G-Force ევრო დიზელზე 4.07 ლარია, ევრო დიზელზე კი – 3.97 ლარი.
Wissol-ის ქსელში ფასები 21 ივლისს განახლდა. ბენზინი 6-8 თეთრით გაძვირდა. ეკო სუპერის ფასი 4.18 ლარია, ეკო პრემიუმის – 3.77 ლარი, ევრო რეგულარის – 3.63 ლარი, ეკო დიზელის – 4.09 ლარი, ევრო დიზელის – 4.04 ლარი, ხოლო დიზელ ენერჯის – 3.99 ლარი.
Connect-ის ქსელში ცვლილებები 22 ივლისს განხორციელდა. დიზელისა და ბენზინის ზოგიერთი სახეობა 5-15 თეთრით გაძვირდა. დღეს სუპერის ფასი 3.85 ლარია, პრემიუმის – 3.65 ლარი, რეგულარის – 3.50 ლარი, ევრო დიზელის – 3.95 ლარი, ხოლო დიზელის – 3.75 ლარი.
Socar-ის ქსელში საწვავის ფასები ამჟამად შემდეგია: ნანო სუპერი – 4.04 ლარი, ნანო პრემიუმი – 3.65 ლარი, ნანო ევრო რეგულარი – 3.51 ლარი, ევრო 5 დიზელი – 3.95 ლარი, ხოლო ნანო ევრო 5 დიზელი – 4.05 ლარი.
რაც შეეხება Rompetrol-ს, კომპანიის ქსელში Efix სუპერის ფასი 4.19 ლარს შეადგენს, Efix ევრო პრემიუმის – 3.78 ლარს, ევრო რეგულარის – 3.63 ლარს, Efix ევრო დიზელის – 4.09 ლარს, ხოლო ევრო დიზელის – 3.99 ლარს.
Lukoil-ის ქსელში კი Super Ecto 4.13 ლარი ღირს, Premium Avangard – 3.70 ლარი, Euro Regular – 3.55 ლარი, ხოლო Euro Diesel – 3.99 ლარი.
აღსანიშნავია, რომ Lukoil-ისა და Rompetrol-ის ოფიციალურ ვებგვერდებზე საწვავის ფასების ცვლილებების ისტორია საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის, რის გამოც ფასების დინამიკის დეტალური შედარება შეუძლებელია. თუმცა ცნობილია, რომ ივნისში ამ ქსელებშიც საწვავის ღირებულება შემცირებული იყო.