“ბიოლის გარშემო პრაქტიკულად ყოველდღე ისმის სროლის ხმა - უცხოელ სტუმრებს ვკარგავთ” - ამის შესახებ „ველნეს კურორტი ბიოლის“ დამფუძნებელმა, თამაზ მჭედლიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, კურორტის გარშემო ნებადართული ნადირობა დამსვენებლებს აფრთხობს და ისინი ვადაზე ადრე ტოვებენ ადგილს.

„კომერსანტი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მეგობრებო, დღეს სერიოზულად ვეკითხები საკუთარ თავს:

ზედმეტად ადრე ხომ არ წამოვიწყე ეს პროექტი ჩვენს ქვეყანაში?

მჯეროდა და ახლაც მჯერა, რომ საქართველოს სჭირდება ჯანმრთელობაზე ზრუნვის თანამედროვე მიდგომა, შენარჩუნებული ბუნება, პროფესიული გუნდი და ისეთი მომსახურება, რომლის მისაღებადაც ადამიანები მთელი მსოფლიოდან ჩამოვლენ.

მაგრამ დღეს უცხოელ სტუმრებს ვკარგავთ. იცით, რატომ?

"ბიოლის" გარშემო პრაქტიკულად ყოველდღე ისმის სროლის ხმა. ადამიანები კურორტის ტერიტორიაზე სეირნობენ და თანმიმდევრული სროლის ხმა ესმით. რამდენიმე სტუმარმა დაგეგმილზე ადრე დატოვა კურორტი და ეს პირველად არ ხდება.

შესაძლოა, ჩვენთან ვიღაცას ეს ჩვეულებრივ ამბად მიაჩნია: „ნადირობის სეზონია, მერე რა?“ მაგრამ უცხოელი სტუმარი შოკშია. ის ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და დასვენებისთვის ჩამოვიდა, და აღმოჩნდა, რომ საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პასუხია: დასახლებული პუნქტიდან 500 მეტრის დაშორებით ნადირობა შეიძლება.

"ბიოლი" თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეობს, სადაც ნადირობა საერთოდ აკრძალულია.

რატომ გვესაუბრებიან 500 მეტრზე, ნაცვლად იმისა, რომ რეაგირება მოახდინონ დაუყოვნებლივ?

წლებია ვშრომობთ იმისთვის, რომ ადამიანებს საქართველოში ჩამოსვლა მოუნდეთ. ჩამოგვყავს უცხოელი სტუმრები, რომლებიც მზად არიან ხარისხიან მომსახურებაში თანხა გადაიხადონ. ვქმნით სამუშაო ადგილებს, ძალასა და სახსრებს ვდებთ მიმართულებაში, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიამაყე შეიძლება გახდეს.

ნუთუ არაკომპეტენტურობასა და უმოქმედობას შეუძლია წყალში ჩაყაროს წლების შრომა და ოცნება იმაზე, თუ როგორი შეიძლება გახდეს ჩვენი ქვეყანა?

"ბიოლიში" მთელი სული ჩავდე, რადგან ჩემი ქვეყნის მჯერა. მაგრამ დღეს მაინც ვეკითხები საკუთარ თავს: საქართველოში ასეთი საქმის წამოწყება ნაადრევი ხომ არ იყო?” - წერს თამაზ მჭედლიძე.