Galt & Taggart-ის კვლევის თანახმად, საქართველოში ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორი ზრდის დინამიკას ინარჩუნებს. თუმცა, მიუხედავად გაფართოებისა, სექტორის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და დაახლოებით 6-7%-ის ფარგლებში რჩება. კვლევის მიხედვით, ეს მაჩვენებელი კვლავ ჩამორჩება იმ ქვეყნების დონეს, რომლებიც რეგიონულ ლოგისტიკურ ჰაბებად არიან ჩამოყალიბებული.
სექტორის წილი მშპ-ში წლების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდებოდა: 2019 წელს — 6.6%, 2020 წელს — 6%, 2021 წელს — 6.1%, 2022 წელს — 6.5%, 2023 წელს — 6.1%, 2024 წელს — 6.3%, ხოლო 2025 წლის პროგნოზით — 6.1%.
ამასთან, ტრანსპორტისა და დასაწყობების სფეროს ბრუნვა ზრდას განაგრძობს. 2025 წლის შეფასებით, სექტორის ბრუნვამ 11.4 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 2024 წლის 10.5 მილიარდ ლართან შედარებით 9%-იან ზრდას წარმოადგენს. შედარებისთვის, 2019 წელს სექტორის ბრუნვა 5.8 მილიარდი ლარი იყო, 2020 წელს — 5.5 მილიარდი, 2021 წელს — 7 მილიარდი, 2022 წელს — 9.3 მილიარდი, ხოლო 2023 წელს — 9.4 მილიარდი ლარი.
რეგიონული განაწილების მიხედვით, სექტორის ბრუნვაში ყველაზე დიდი წილი თბილისს ეკავა — 66%. მას მოჰყვება სამეგრელო-ზემო სვანეთი 15%-ით, აჭარა — 9%-ით, იმერეთი — 3%-ით, ხოლო სხვა რეგიონების წილი ჯამურად 7%-ს შეადგენს.
სექტორის ზრდასთან ერთად, თბილისში სასაწყობე ინფრასტრუქტურის მოცულობაც ფართოვდება. თუ 2014-2024 წლებში საწყობების წლიური ზრდა საშუალოდ 35 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, 2024-2027 წლებში ეს მაჩვენებელი, პროგნოზის მიხედვით, დაახლოებით 180 ათას კვადრატულ მეტრამდე გაიზრდება.
თბილისში საწყობების საერთო ფართობი 2014 წლის 740 ათასი კვადრატული მეტრიდან 2025 წელს 1.26 მილიონ კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა. Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2027 წლისთვის ეს მოცულობა 1.65 მილიონ კვადრატულ მეტრს მიაღწევს.
უბნების მიხედვით, 2027 წლისთვის სასაწყობე სივრცეების ყველაზე დიდი კონცენტრაცია სამგორში იქნება მოსალოდნელი — 829 ათასი კვადრატული მეტრი. შემდეგ მოდის თბილისის შემოგარენი — 189 ათასი კვადრატული მეტრით, გლდანი — 186 ათასი კვადრატული მეტრით, ნაძალადევი — 134 ათასი კვადრატული მეტრით, დიდუბე — 101 ათასი კვადრატული მეტრით, ისანი — 80 ათასი კვადრატული მეტრით, ფონიჭალა — 78 ათასი კვადრატული მეტრით, ხოლო სხვა ტერიტორიებზე ჯამურად 50 ათასი კვადრატული მეტრი იქნება განთავსებული.
მიუხედავად სასაწყობე სექტორის გაფართოებისა, თბილისში არსებული მოცულობა ერთ სულ მოსახლეზე კვლავ ჩამორჩება ევროპის წამყვანი ქალაქების მაჩვენებლებს.
გაზრდილმა მოთხოვნამ სასაწყობე ფართებზე იჯარის ფასებზეც იმოქმედა. თბილისში საშუალო შეწონილი თვიური ქირა 2019 წლის 2.6 დოლარიდან კვადრატულ მეტრზე 2025 წელს 6.3 დოლარამდე გაიზარდა (დღგ-ს გარეშე), რაც ბაზარზე მოთხოვნის გაძლიერებასა და ლოგისტიკური სექტორის გააქტიურებაზე მიუთითებს.