საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის განვითარებისთვის ცენტრალური აზიის ქვეყნების, განსაკუთრებით კი ყაზახეთის, სამრეწველო ტვირთების მოზიდვა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ანალიზის მიხედვით, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე ჩნდება ახალი სატვირთო ნაკადების ფორმირების შესაძლებლობა, თუმცა არსებული ინფრასტრუქტურული შეზღუდვები დერეფნის სრულად გამოყენებას აფერხებს.
კვლევის თანახმად, ცენტრალური აზიის ქვეყნები ბოლო წლებში აქტიურად ცდილობენ ეკონომიკის დივერსიფიკაციას და ნედლეულის ექსპორტიდან უფრო მეტად გადამუშავებული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე გატანაზე გადასვლას. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი შესაძლოა შუა დერეფანმა შეასრულოს, თუმცა ამისთვის საქართველომ მხოლოდ სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციით არ უნდა შემოიფარგლოს და თავად უნდა გახდეს ლოგისტიკური შესაძლებლობების შეთავაზების აქტიური მონაწილე.
ანალიტიკოსების შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყაზახეთის სამრეწველო პოტენციალის გამოყენება. ქვეყნის სარკინიგზო გადაზიდვების მოცულობა ყოველწლიურად 100-120 მლნ ტონის ფარგლებში მერყეობს, საიდანაც 60-70 მლნ ტონა რუსეთსა და რუსეთის გავლით გადაადგილდება. ამასთან, საქართველოს მონაკვეთზე და მის ნავსადგურებში მხოლოდ 1.5-2 მლნ ტონა ტვირთი ხვდება, რაც კვლევის ავტორების შეფასებით, შუა დერეფნისთვის დაკარგული შესაძლებლობაა.
კვლევაში აღნიშნულია, რომ მხოლოდ ყაზახეთიდან საქართველოს მიმართულებით დამატებით 4-5 მლნ ტონა ტვირთის მოზიდვის პოტენციალი არსებობს. თუმცა ამისთვის საჭიროა როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ასევე ცენტრალური აზიის მსხვილ საწარმოებთან პირდაპირი თანამშრომლობის გაძლიერება.
გეოპოლიტიკური ცვლილებების შემდეგ ყაზახეთისთვის ტრანსკასპიური მარშრუტის მნიშვნელობა გაიზარდა. რუსეთის მიმართულებით არსებული შეზღუდვების და სანქციების რისკების ფონზე, ცენტრალური აზიის მსხვილი კომპანიები ალტერნატიულ სატრანსპორტო გზებს ეძებენ. თუმცა, როგორც კვლევაშია ნათქვამი, შუა დერეფანი ამ მოცულობის ტვირთნაკადების მისაღებად სრულად მზად არ აღმოჩნდა.
პრობლემად სახელდება როგორც კასპიის ზღვის პორტების შესაძლებლობები, ასევე საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაკვეთებზე არსებული შეზღუდვები — მათ შორის ლოკომოტივებისა და ვაგონების დეფიციტი და დაბალი გამტარუნარიანობა.
კვლევის მიხედვით, ყაზახეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სამრეწველო ჯგუფი Eurasian Resources Group წარმოადგენს იმ კომპანიებს შორის ერთ-ერთს, რომელთა ტვირთების მოზიდვაც შუა დერეფნისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს. სანქციებისა და ახალი ლოგისტიკური რეალობის პირობებში კომპანიებისთვის ალტერნატიული მარშრუტების შექმნა სულ უფრო აქტუალური ხდება.
„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის აუცილებელია ცენტრალური აზიის ქვეყნებთან უფრო აქტიური ეკონომიკური და დიპლომატიური მუშაობა, მათ შორის საელჩოების და ადგილობრივი საკონსულტაციო ქსელების გამოყენება მსხვილი საწარმოების სატრანსპორტო საჭიროებების შესასწავლად.
ანალიტიკოსების შეფასებით, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად საჭიროა სახელმწიფო დონეზე მუდმივმოქმედი ექსპერტული ჯგუფის შექმნა, რომელიც შეისწავლის ტვირთნაკადების მოზიდვის შესაძლებლობებს და შეიმუშავებს კონკრეტულ სტრატეგიას.
კვლევის მეორე ნაწილში განხილული იქნება ყაზახეთის მსხვილი სამრეწველო კომპანიები და მათი შესაძლებლობები, გამოიყენონ სხვადასხვა საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნები.