საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 27 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროში უწყებათაშორის კრიზისულ სხდომას უხელმძღვანელებს, რომელიც ქვეყნის რამდენიმე დეპარტამენტში გავრცელებულ ხანძრებს შეეხება. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, შეხვედრა პარიზის დროით დილით 10:00 საათზეა ჩანიშნული. ამ თათბირის გამო გაუქმდა პრეზიდენტის სამუშაო სადილი მთავრობის წევრებსა და მათ მეუღლეებთან ერთად.

პარალელურად, საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტრო 27 ივლისს სასწრაფოდ იწვევს ტურიზმის, ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციებისა და სადაზღვევო სექტორების სპეციალისტებს. შეხვედრის მიზანი ლანდისა და ჟირონდის დეპარტამენტებში ძლიერი ხანძრების შედეგების შეფასება და მხარდაჭერის ზომების განხილვაა. უწყების ცნობით, შეხვედრას დაესწრებიან ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრები. შეხვედრა ორგანიზებულია არსებული სიტუაციის შესაჯამებლად, პრიორიტეტული საჭიროებების განსაზღვრისთვის და დაზარალებულ რაიონებში ეკონომიკური საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად.

ეკონომიკის სამინისტროს მეორე სხდომაში მონაწილეობას კი შესაბამისი პროფესიული ფედერაციები, ტურიზმის, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების სფეროს დაინტერესებული მხარეები, სადაზღვევო კომპანიები, ენერგეტიკის, მრეწველობისა და ციფრული ტექნოლოგიების მინისტრები მიიღებენ.

ხანძარი, რომელიც ჟირონდის დეპარტამენტში ოთხშაბათიდან მძვინვარებს, კიდევ უფრო ფართოვდება და ბორდოსკენ მიიწევს. ცეცხლის ლოკალიზების მიზნით საფრანგეთის ხელისუფლებამ 25 ივლისიდან პროცესში არმია ჩართო. ქალაქ ბორდოსთვის საფრთხის შემცველი ტყის მასშტაბური ხანძრის ზონიდან 220 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

პირველი არხი