“ჩემთვის ნათელია, რომ ნათია ჯანაშიასთვის, როცა ის ინვესტორზე მორიგ რეპუტაციულ შეტევას ახორციელებს, პრაქტიკულად, სულ ერთია, პარალელურად და უფრო დამანგრეველად, რას აზიანებს თავისი რიტორიკით.

ეს სტილი მისგან ახალი არ არის, მაგრამ ბოლო მსგავსი აქტივობით, მან მაინც შეძლო ჩემი გაოცება, როცა საზოგადოებას მოუწოდა ინვესტორის პორტფელში არსებულ უკლებლივ ყველა კომპანიას ბოიკოტი გამოუცხადონ”, - აღნიშნავს ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე, რომელიც აკვირდება “ბრიტანულ-ქართულ აკადემიასთან” დაკავშირებული დავის მიმდინარეობას და საკუთარ მოსაზრებებს აქტიურად უზიარებს საზოგადოებას.

“ნათია ჯანაშია უკვე წარმოუდგენელ აბსურდზე წავიდა. თავად განსაჯეთ, - “ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში” მისი მაჟორიტარი პარტნიორისთვის, რომელთანაც ბანალურ ბიზნესდავაშია, ზიანის მისაყენებლად იგი საზოგადოებას მოუწოდებს, უარი მასობრივად ითქვას იმ კომპანიის ქვემდებარე ბიზნესების პროდუქტსა თუ სერვისებზე, რომლის აქტივებიც (5 მლრდ ლარზე მეტი) საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-ზე მეტს შეადგენს და მოიცავს  ქვეყნის წამყვანი საბანკო, სამედიცინო, სადაზღვევო, ენერგეტიკული თუ განათლების სექტორის მიმართულებებს და ასაქმებს ათეულ ათასობით ადამიანს’, - აღნიშნავს ცუცქირიძე.

“კიდევ უფრო გამაოგნებელია, რომ ნათია ჯანაშია მისი ინვესტორის, როგორც დედა კომპანიას, ისე ყველა შვილობილს, უწოდებს არაქართულ კომპანიებს და, მათ შორის, ამ მოტივითაც მოუწოდებს საზოგადოებს მათი ბოიკოტირებისკენ.

ეს სხვა არაფერია, თუ არა კლასიკური პროპაგანდისტული კონსტრუქცია. დარწმუნებული ვარ, ნათია ჯანაშიამ კარგად იცის, რომ თანამედროვე ფინანსურ სამყაროში ათასობით კომპანიაა რეგისტრირებული ერთ იურისდიქციაში, ოპერირებს მეორეში, ხოლო აქციონერები ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და რომ კორპორაციული რეგისტრაციის მისამართი არ განსაზღვრავს იმას, სად იქმნება ეკონომიკური ღირებულება, სად იხდება გადასახადები და სად არის დასაქმებული ათასობით ადამიანი.  

მან ისიც კარგად უწყის, რომ სწორედ საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვამ მოიტანა საქართველოში მილიარდობით ლარის ინვესტიცია, გაზარდა ფინანსური რესურსებზე ხელმისაწვდომობა, შექმნა ახალი სამუშაო ადგილები, დანერგა თანამედროვე ტექნოლოგიები, კორპორაციული მართვის საერთაშორისო სტანდარტები და ქართულ კომპანიებს საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე გაუხსნა წვდომა.

უწყის, მაგრამ მოცემულ მომენტში და მოკლევადიანი ხედვის პრიზმაში,  მას “ურაპატრიოტული” რიტორიკა აძლევს ხელს და ამ დროს, როგორც ჩანს, კალამიც გაურბის და სიტყვაც და საბოტაჟისკენ თავისი უაპელაციო მოწოდებებით უკვე რეალურ საზოგადოებრივ საშიშროებას ქმნის”, - ამბობს ცუცქირიძე.

ანალიტიკოსის თქმით, ნათია ჯანაშია ყველაზე ცივსისხლიანად მაშინ მანიპულირებს, როცა საზოგადოებას არწმუნებს, რომ „ერთი კომპანია ქვეყანა არ არის“ (შეგახსენებთ, ქვეყნის მშპ-ის 4%-ის შემქმნელ კომპანიაზე საუბრობს) და რომ მისი ბოიკოტირება ეკონომიკას არ დააზიანებს.

“მანიპულირების ნათია ჯანაშიასეული ხერხები საზოგადოებისთვის უკვე კარგადაა ცნობილი, მაგრამე ის მაკვირვებს, ნუთუ მისთვის ან/და მისი გარემოცვისთვის, თუკი ასეთი ჰყავს, ძნელი მისახვედრია, რომ მსგავსი მანიპულაცია უბრალოდ, უნაყოფოა, რომ მას უბრალოდ არავინ “სჭამს” და არავინ აჰყვება.

თუკი ხვდებიან, მაშნ კიდევ უფრო ძნელი გასაგები ხდება, რატომ მიმართავენ პერმანენტულად მსგავს ხერხებს და თუკი ვერ ხვდებიან, მაშინ, სავარაუდოდ, უკვე სხვა მიმართულების შემთვევასთან გავქვს საქმე და აქ ლოგიკური, ფაქტებზე დაფუძნებული ანალიტიკა უძლური ხდება.

ფაქტი ერთია, “ბრიტანულ - ქართულ აკადემიასთან დაკავშირებული ბიზესდავის პროცესში, ნათია ჯანაშია ჩამოყალიბდა, როგორც ეკონომიკური ფაქტების ემოციურ მანიპულაციასთან, ფსევდონაციონალისტურ რიტორიკასა და პირად ანგარიშსწორებასთან  შერწყმის დიდოსტატი”, - დასძენს გიორგი ცუცქირიძე.