„სტარბაქს“-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა  მთავრობის მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული პოლიტიკის შედეგია, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოდ ჩამოყალიბებას არამხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ ფართო რეგიონშიც“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.

მსოფლიოში ცნობილი ბრენდი „სტარბაქსი“ საქართველოში ოპერირებას იწყებს - ბაზარზე მისი შემოსვლა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე ქუვეითში საქართველოს საელჩოსა  და საქართველოში თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით შედგა.  „სტარბაქს“-ის პირველი ობიექტი საქართველოში 2026 წლის ზაფხულში, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე გაიხსნება, მომდევნო თვეებში ქსელის გაფართოება დედაქალაქის გარდა საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგეგმება.

„ჩვენ ყოველწლიურად ვაკვირდებით მთავრობის მიერ განხორციელებული პოლიტიკის კონკრეტულ შედეგებს - გლობალურ, ცნობად კომპანიებს, რომლებიც შემოდიან საქართველოს ბაზარზე, ეს იქნება უძრავი ქონების, ტექნოლოგიური, საფინანსო სექტორები თუ ამ შემთხვევაში სარესტორნე მიმართულება. „სტარბაქსი“ ამ ბიზნესში ერთ-ერთი უმსხვილესი, გლობალური მოთამაშეა და მისი შემოსვლა კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი გარემოა საინვესტიციოდ, ბიზნესის გასაფართოებლად“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

„სტარბაქსი“ 1971 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს სპეციალიზებული ყავის ერთ-ერთ წამყვან მომწოდებელს მსოფლიოში. დღეს კომპანიის ქსელი 40,000-ზე მეტ ობიექტს მოიცავს. Alshaya Group ევრაზიაში „სტარბაქს“-ის 800-ზე მეტ ობიექტს მართავს თურქეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.

ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, გლობალური ბრენდის საქართველოს ბაზარზე შემოსვლას გადამდები ეფექტი ექნება, მათ შორის მნიშვნელოვანი იქნება ტურიზმის ინდუსტრიის ხელშეწყობის და ზოგადად ამ სფეროში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს