"ის სახსრები, რაც იხარჯება სუბსიდირებაზე, თუნდაც ნაწილი რომ მოხმარდეს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, შედეგი უკეთესი იქნებოდა,"- ამის შესახებ " თბილღვინოს" დამფუძნებელმა გაგა მარგველაშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემაში "შენობით ბიზნესთან" განაცხადა.
"თბილღვინოს" დამფუძნებელმა სექტორში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ განვითარებულ ქვეყნებს ის ღვინო არ აინტერესებთ, რომელსაც ტრადიციულ ბაზრებზე ვყიდით. " მათ სჭირდებათ უნიკალური, ხარისხიანი ღვინო , ამ ბაზრებზე ამ ხარისხობრივი საფეხურით უნდა დავაკაკუნოთ", - განაცხადა გაგა მარგველაშვილმა.
"ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ინტერვიუს მცირე შემოკლებით:
როგორც ვიცი ჯილდო დაიმსახურა თქვენმა პროდუქციამ, გვიამბე რამდენიმე სიტყვით...
უკვე რამდენიმე წელია, ახალი სტრატეგიით ვმუშაობთ და „თბილღვინოს“ პრემიუმ კლასის ბრენდად ჩამოყალიბების პროცესში ვართ. გასულ წელს წარვადგინეთ ჩვენი პრემიუმ კოლექცია ღვინოების, სადაც შედის 8 ღვინო. თითოეული ღვინო იმით არის უნიკალური, რომ გააჩნია საკუთარი ვენახი. ჩვენ კახეთში გავაშენეთ ალექსანდროულის ვაზის ჯიში. ამ ღვინომ ძალიან გვასახელა ლონდონში რამდენჯერმე. კონკურში International Wine Challenge ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო დეკანტერის ღვინის კონკურსზე აიღო პლატინის ჯილდო, რომელიც ოქროს მედალზე უფრო მაღალი შეფასებაა და ძალიან ვამაყობთ. ერთადერთი ღვინოა, რომელიც წელს პლატინის ჯილდო დაიმსახურა დეკანტერზე.
წლიდან წლამდე ქართული პროდუქცია რა ევოლუციას გადის ხარისხობრივი თამასის ჭრილში?
ცალსახაა, რომ ქართული ღვინო განიცდის ხარისხობრივ ევოლუციას. 30 წელია ამ ინდუსტრიაში ვართ, როცა დავიწყეთ სულ 100 მარანი იყო რეგისტრირებული, რუსეთის ემბარგოს გამო მათი რაოდენობა განახევრდა, დღეს ეს რიცხვი აღემატება 2000 კომპანიას. წარმოიდგინეთ ამდენი ადამიანი, ოჯახი, ამდენი გონება ემსახურება ამ ყველაფრის ევოლუციას, დახვეწას. ჩვენ ვაკვირდებით წლიდან წლამდე როგორ იზრდება არამარტო ცნობადობა, არამედ აღიარება. მნიშვნელოვანია, როცა გთვლიან პრემიუმ მოთამაშედ პრემიუმ კატეგორიაში. ამ აღიარების ნაწილია ის ჯილდოები, რომელსაც არამარტო ჩვენ, არამედ არაერთი კომპანია იღებს. ეს ევოლუცია მიმდინარეობს და ეს პროცესი გარდაუვალია. ჩვენ ღვინოს ძირითადად ვყიდით დსთ-ს ქვეყნებში. თუმცა, რომ გადავხედოთ სტატისტიკას, ვინ არიან ტოპ-10 იმპორტიორი ქვეყნები, იქ ქართული ღვინის წილი პრაქტიკულად არის მინიმალური.
რაში შეიძლება ვეძებოთ ამის მიზეზი? სტაბილურობის პრობლემა გვაქვს, ხარისხის თუ ბიზნეს კომუნიკაციების?
ჩვენ გვჭირდება ამისთვის დრო. ეს არ ხდება მყისიერად. უნდა გავიხსენოთ, რომ საქართველო იყო ჩაკეტილი საბჭოთა კავშირის საზღვრებში. საქართველოს შესახებ სამყარომ არაფერი იცოდა. საბჭოთა კავშირმა გააკეთა ერთგვარი ინდუსტრიალიზაცია მეღვინეობის. ჩვენ როცა მივიღეთ დამოუკიდებლობა, ფაქტობრივად, უნდა მოგვეხდინა ამის ტრანსფორმაცია.რაოდენობრივი წარმოებიდან უნდა გადავსულიყავით ხარისხიან წარმოებაზე. თავიდან უნდა აგვედგა ფეხი, შესაბამისი კომპეტენციაც არ იყო, რომ გაგვეტანა ეს ღვინო ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, რომლებიც ითვლება ყველაზე მსხვილ იმპორტიორებად. ალბათ, 10 წელია დავიწყეთ ფიქრი, რა გზებით მივაღწიოთ ამ ქვეყნებამდე. მივიღოთ მონაწილეობა გამოფენებში, დავამყაროთ კონტაქტები, ამაში ჩართულია ღვინის ეროვნული სააგენტო.
ჩვენ მივხვდით, რომ იმ ღვინით, რომლითაც ვოპერირებთ ე.წ. ტრადიციულ ბაზრებზე, ამ განვითარებულ ქვეყნებს არ აინტერესებთ. სუპერმარკეტებში კონკურენცია უდიდესია. მათ ურჩევნიათ შექმნა ისეთი ღვინო, რომლითაც ის მივა მნიშვნელოვან კლიენტებთან, სასტუმროებთან, რესტორნებთან. მათ სჭირდებათ უნიკალური, ხარისხიანი, მაღალი ფასის სეგმენტში. ამ ბაზრების კარზე ამ ხარისხობრივი საფეხურით უნდა დავაკაკუნოთ.
ვფიქრობ, რომ ცოტა დროში გაიწელა ეს პროცესი. მე არ ვამბობ, რომ სახელმწიფო არაფერს აკეთებს ამ მიმართულებით, მაგრამ მეტად უნდა ჩაერთოს. როგორ შეიძლება, რომ კოლაბორაციით მოხდეს იმ პრობლემის გადაჭრა, რასაც ჰქვია ხარისხიან ბაზრებზე შეღწევადობა?
ყველაფერი გადის ბიუჯეტზე, ის ბიუჯეტი, რომელსაც სახელმწიფო გამოყოფს, მადლობლები ვართ, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მნიშვნელოვანი შედეგი დაიდოს. ის სახსრები, რაც იხარჯება სუბსიდირებაზე, თუნდაც ნაწილი რომ მოხმარდეს ქართული ღვინია პოპულარიზაციას, ალბათ, შედეგი უკეთესი იქნებოდა. რომც გვქონდეს ბიუჯეტი და იხარჯებოდეს ზოგადად ქართული ღვინის პოპულარიზაციაში, რისგან შედგება ეს პოპულარიზაცია?! შეგვიძლია ვატაროთ კამპანიები, დეგუსტაციები, ტურები, ეს ძალიან კარგია, მაგრამ არსებობს სხვა ინსტრუმენტები და ამის წარმატებული მაგალითები სახელმწიფოს აქვს, როცა კონკრეტულ ბიუჯეტს გამოუყოფენ იქ არსებულ, უკვე შემდგარ მსხვილ იმპორტიორებს. ჩვენ უნდა დავამატოთ კატეგორია. როცა შედიხარ მაღაზიაში არის კატეგორიები: საფრანგეთი,იტალია, ესპანეთი და ა.შ. და არ არის კატეგორია ქართული ღვინის, ასევეა რესტორანშიც. სწორედ ამაში შეიძლება დადოს სახელმწიფომ გარიგებები იმპორტიორ კომპანიებთან და გამოიყოს ბიუჯეტი ქართული ღვინის კატეგორიის შექმნისთვის. ამის წარმატებული მაგალითები არსებობს.
ღვინის კოდექსში შევიდა ცვლილებები და ამაზე მინდა გკითხოთ, საოჯახო მარნებზე შემოვიდა ახალი პრეფერენციები. ეს ცვლილებები რას ემსახურება?
ბოლო დროს რამდენიმე ახალი ინიციატივა იყო. პირველი რაც უნდა ითქვას, ასეთი გადაწყვეტილებები არის რისკის შემცველი თუ მათ მიღებამდე არ იქნა განხილული და ჩატარებული აქტიური კონსულტაციები. სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში, ჩვენთან ყოველთვის ლაპარაკობდნენ დარგის მარეგულირებლები, მოდიოდნენ და ინიციატივების შესახებ გვეუბნებოდნენ. ამაზე გვიმსჯელია, გვიდავია. გვესმის, რომ ეს ინიციატივები ჟღერდება კეთილშობილური მიზნის გამო. შეიძლება ეს არის ხარისხის გაუმჯობესება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება არის კი ერთადერთი გზა ამ მიზნის მიღწევისთვის?! იქნებ არსებობს ალტერნატიული გზები, ამაზე უნდა ყოფილიყო მსჯელობა. ჩვენი ზომის მეღვინეობის ქვეყნებში იღებენ მსგავს გადაწყვეტილებას? კონსულტაციები, საუკეთესო პრაქტიკები - ეს ციკლი უნდა დავიცვათ. მიზნისკენ მიმავალი გზებზე შეიძლება იყოს არაერთი ალტერნატივა და ამაზე უნდა ვიმსჯელოთ.
მინდა შემოვიტანო თემა - ხარისხობრივი დევალვაცია, რომელიც კლიმატურმა პირობებმა გამოიწვია, თუ ასე გაგრძელდა შეიძლება ამან კარგი კონდიციისკენ არ მიგვიყვანოს. ამ ნაწილში როგორია მოლოდინები და მზაობა?
ჩვენ ისეთ დარგში ვართ, რომ დიდწილად ღმერთის ნებაზე ვართ დამოკიდებული. გვქონდა წინა წლებში ცუდი გამოცდილება, როცა ვენახების დიდი ნაწილი დაგვესეტყვა. ჩვენ ვიყავით ერთ- ერთი პირველი, რომლებმაც რისკის გადაზღვევის მეთოდი შემოვიტანეთ. ეს არის სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა ესპანური კომპანიის, რომელიც ერთ- ერთ ვენახში განვათავსეთ.
მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქართველ მეწარმეს უჭირს სტაბილურობა, ტექნიკურ- ეკონომიკური ანალიტიკის გაკეთება და უჭირს ბანკთან ურთიერთობა ...
მეღვინეობა, თვითონ ეს დარგი ისე დინამიურად ვითარდება, რომ ჩემი აზრით, ეს პრობლემა ნაკლებად არის. მცირე მარნები გაიზარდა და ეს ძირითადად ახალი თაობების მიერ არის შექმნილი. მათ აქვთ კარგი განათლება, ენერგია, შნო, ამიტომ ქართული მეღვინეობა საკმაოდ თანამედროვეც არის. სოფლის მეურნეობის სხვა დარგებში, რაც აღნიშნეთ, ეს კომპეტენციის დეფიციტი იყოს, მაგრამ მეღვინეობაში ეს ნაკლებად არის.
თქვენ 30 წელია უძღვებით ამ საქმეს. არიან კომპანიები, რომლებიც ასევე დიდი ხანია არსებობენ და თაობები მართავენ. თქვენი აზრით, ჩვენი ისტორია რამდენად არის კარგი მასალა მარკეტინგისთვის რა ტიპის გაფრთხილება სჭირდება?
მე ვფიქრობ, რომ ეგ არის ღერძი ნებისმიერი ურთიერთობის. ვგულისხმობ ადამიანთა ერთობას, რომლებიც გადაწყვეტენ ერთი ხედვით, მიზნით და ღირებულებებით შექმნან ორგანიზაცია. ამ ისტორიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მსმენელისთვის. ჩვენ ყველაზე უნიკალური ისტორია გვაქვს მსოფლიო ღვინის ისტორიებს შორის, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ იმ ტომების შთამომავლები, რომლებმაც ვაზის კულტურული ჯიშისგან ღვინო შექმნა იმ ტერიტორიაზე, სადაც თანამედროვე ქართველები ცხოვრობდნენ 1000 წლის წინ. ამაზე მაგარი ისტორია რა უნდა გქონდეს. ეს ისტორია კარგია, მაგრამ ყველას აინტერესებს რა ხარ დღეს.