„კავკასუს როუდ პროჯექტის“ გენერალური დირექტორის, პაატა ტრაპაიძის განცხადებით, საწვავისა და სამშენებლო მასალების გაძვირების ფონზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებში მშენებლობის გაძვირების ინდექსაციის მექანიზმი ამოქმედდება. მისი თქმით, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ დამკვეთებთან სამთვიანი აქტიური კონსულტაციების შედეგად შეთანხმებას მიაღწია, სწორედ ამის შედეგია ცვლილებები.
ტრაპაიძის შეფასებით, აქციზის შესაძლო შემცირებაზე გაცილებით უფრო რეალური და ეფექტური მექანიზმი სწორედ ინდექსაციაა, რადგან მსოფლიო ბაზარზე არსებული არასტაბილურობისა და ქაოსის პროგნოზირება შეუძლებელია.
წინასწარი მონაცემებით, ინდექსაცია კონტრაქტის ღირებულების 60%-იან შემადგენელს შეეხება.
ხანგრძლივი მსჯელობის შედეგად გადაწყდა, რომ ძველ კონტრაქტებზე საბაზისო ფასებად 2026 წლის 1-ელი იანვრის ნიშნულები აიღება.
რაც შეეხება გათვლის პრინციპს, მშენებლობის გაძვირების კონკრეტულ პროცენტს საქართველოს საქსტატი გამოაცხადებს. მექანიზმი ორმხრივია - კომპენსაცია ფასების ზრდის შემთხვევაშიც მოქმედებს და მისი შემცირების დროსაც, რაც დამკვეთსა და შემსრულებელს შორის სამართლიან მიდგომას უზრუნველყოფს.
„ინდექსაცია გამოცხადდება ისე როგორც იყო კოვიდის დროს. მე ამას სრულიად ვეთანხმები, იმიტომ რომ საწვავის გაძვირება არ იწვევს მხოლოდ და მხოლოდ ერთი კომპონენტის გაძვირებას, ეს იწვევს მთლიანად სამუშაოების ხარჯის ზრდას. ეს ყველაფერზე მოქმედებს. ეს მოქმედებს როგორც ხელფასზე, ისე სამშენებლო მასალებზე და ა.შ.
ჩვენ, როგორც ვიცით წინასწარი მონაცემებით, კონტრაქტის 60%-ს შეეხება ინდექსაცია.და ყველაზე მთავარია, საიდან იწყება ეს. ეს საკმაოდ დიდი ხნის კამათის შედეგი იყო და საერთო შეთანხმებას მივაღწიეთ, რომ ძველ კონტრაქტებზე 2026 წლის 1-ლი იანვრის ფასები იქნება ბაზისი.“ - უთხრა „საქმიან დილას“ პაატა ტრაპაიძემ.