უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ესპანეთში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ესპანეთში ჩასვლისთანავე ზელენსკი თავდაცვის კომპანია Sener Aerospace&Defence-ს ეწვია, სადაც აღჭურვილობის ნიმუშები და საწარმოო ობიექტები დაათვალიერა.
ვიზიტის ფარგლებში, მხარეები უკრაინა-ესპანეთის თავდაცვის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერას გეგმავენ.
ზელენსკი ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ, ლიდერების თანდასწრებით ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერა გაიმართება, რასაც პრესკონფერენცია მოჰყვება.
მოგვიანებით, ზელენსკი დეპუტატთა კონგრესის პრეზიდენტს, ფრანსინა არმენგოლს და სენატის პრეზიდენტს, პედრო როლანს შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ესპანეთის მეფე ფილიპე VI-სთან.
ესპანეთში ჩასვლამდე ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოში იმყოფებოდა, სადაც პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ერთად ხელი მოაწერა დეკლარაციას უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინდუსტრიის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. უკრაინის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა იგორ ჟოვკვამ განაცხადა, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერა, ფაქტობრივად, უკრაინასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თავდაცვის ალიანსის შექმნას ნიშნავს.