ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ტურიზმის სფერო აღმოჩნდა.
როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას ტურისტული კომპანია „ვოიაჟერ 365“-ის გენერალური დირექტორი გოგა ქუცნიაშვილი აცხადებს, ზოგადი სიტუაცია საკმაოდ მძიმეა, გაუქმებული პაკეტების რაოდენობა კი - საკმაოდ ბევრია.
„ორი სხვადასხვა მიმართულებით სრულად გაყიდული ჯგუფური ტურები გაგვიუქმდა და ამასთან, გაუქმებული ინდივიდუალური საცალო პაკეტების რაოდენობაც საკმაოდ ბევრია როგორც დუბაის, ასევე, სხვა მიმართულებებზე.
ავიაკომპანიებმა ინდივიდუალურად, თარიღების მიხედვით გააუქმეს რეისები. მაგალითად, „ეარ არაბიამ“ 21 მარტამდე სრულად გააუქმა რეისები საქართველოსა და სხვა ძალიან ბევრი მიმართულებით. რაც შეეხება „ფლაი დუბაისა“ და „კატარის ავიახაზებს“, აქ ორი დღით ადრე ხდება რეისების გაუქმება და შესაბამისად, არ გვაქვს არანაირი წინასწარი ინფორმაცია, როდის რა შეიცვლება“, - ამბობს გოგა ქუცნიაშვილი.
მისივე ინფორმაციით, გაუქმებული პაკეტებისა და ჯგუფური ტურების ღირებულება ავიაკომპანიის მხრიდან სრულად დაბრუნებულია, თუმცა ბევრად რთული მდგომარეობაა სასტუმროების კუთხით, მაგალითად, ვიეტნამის, ბალის, ტაილანდის მიმართულებებზე, სადაც თანხის დაბრუნებაზე სასტუმროები ძირითად შემთხვევაში თანხმობას არ იძლევიან.
„ევროპისა თუ თურქეთის მიმართულებითაც ბევრად უფრო ფრთხილი გახდა მომხმარებელი და თავს არიდებენ ამ მიმართულებებსაც მიუხედავად იმისა, რომ იქ დაძაბული მდგომარეობა არ არის“, - აღნიშნავს გოგა ქუცნიაშვილი.