საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე ისაუბრა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, აშშ-ის არსებული ადმინისტრაციის პოზიციაა, რომ მათ სჭირდებათ დრო, მუშაობენ ამ საკითხზე, აუცილებლად დაგვიბრუნდებიან და შეძლებენ ურთიერთობების დაწყებას.
„ძალიან ღიად ვსაუბრობთ ამ თემასთან დაკავშირებით – როცა გვქონდა შესაძლებლობა მოკლე ურთიერთობებისა, გულწრფელები ვართ და მათაც იმავეს ვესაუბრებით. როცა გაერო-ში ვიყავი ვიზიტით, მაშინ მქონდა გასაუბრების საშუალება, იდენტურია მათი პასუხი – არსებული ადმინისტრაციის, რომ მათ სჭირდებათ დრო, მუშაობენ ამ საკითხზე, აუცილებლად დაგვიბრუნდებიან და შეძლებენ ურთიერთობების დაწყებას. უფრო მეტი ინფორმაცია საზოგადოებამ იცის, როცა მე მილანში ვიმყოფებოდი და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან გასაუბრების საშუალება მქონდა, იქაც იგივე პასუხი იყო. ასევე იყო საპარლამენტო დელეგაციის წარმატებული ვიზიტი კონგრესში და იქაც იგივე დამოკიდებულებაა, იგივე პროცესი მიმდინარეობს.
რატომ? – ეს ხომ იცის ჩვენმა საზოგადოებამ. გვახსოვს არსებულ ადმინისტრაციამდე როგორი დამოკიდებულება იყო. მაშინდელი პრესსპიკერი საქართველოთი იწყებდა [ბრიფინგებს], გამჭვირვალობის კანონთან მიმართებაში და ასე შემდეგ. ეს ჯგუფი ნელ-ნელა დაიშალა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, აშშ-ის ადმინისტრაციის გზავნილია, რომ მათ არ სჭირდებათ არასამთავრობო ორგანიზაციები სხვა ქვეყნებთან სასაუბროდ.
„გახსოვთ, როცა ჩვენ USAID-ის ქმედებები ვამხილეთ, მერე თავად მოახდინეს განეიტრალება ამ ორგანიზაციების და ჩვენზე მეტი მათ ისაუბრეს კორუფციაზე, მათ ქმედებებზე, რომ შეეცვალათ სხვა ქვეყნებში ხელისუფლებები. მათი [ამჟამინდელი ადმინისტრაციის] გზავნილი პირდაპირ არის, რომ „ჩვენ არ გვჭირდება არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩვენ პირდაპირ დაველაპარაკებით სხვა ქვეყნების ხელისუფლებებს“. ეს ამჟამინდელი ადმინისტრაციის საერთო გზავნილია.
ეს ჩვენი მოთხოვნაც არის – ჩვენ რას ვითხოვთ მთელი ამ წლების განმავლობაში. ამიტომ ვართ ჩვენ მომზადებული, როცა ვამბობთ, რომ ჩვენ მზად ვართ, გულწრფელები ვართ და ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა ვეძებოთ, სად გადაიკვეთება ჩვენი ინტერესები ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთნდობაზე, ეს პროცესი დაიწყო“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ტენდენციაზე, მათ შორის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის წარმატებაზე რადიკალური ჯგუფების თავდასხმა არის მაგალითი, რომ ისინი არა თავის სახელმწიფოზე ფიქრობენ, არამედ დავალებას ასრულებენ.
„ისინი არა თავის სახელმწიფოზე ფიქრობენ, არამედ დავალებას ასრულებენ ან იმდენად გაქვს დახშული გონება, რომ ეს შენთვის არაფერს ნიშნავს, უბრალოდ, გინდა, რომ ეს ხელისუფლება მოიშორო ყველაფრის ფასად – „დაიღუპოს, განადგურდეს, ყველაფერი დაემართოს ჩემს ქვეყანას, ოღონდ მე მოვიდე ხელისუფლებაში“. ისინი ვეღარ შეიცვლებიან, მათთვის დამანგრეველია ჩვენი [საქართველო-აშშ-ის] ურთიერთობის აღდგენა“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.