უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის უკრაინაში მიმდინარე ომზე გავლენის შესახებ „ძალიან ცუდი წინათგრძნობა“ აქვს.
ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მშვიდობისკენ მიმავალი მოლაპარაკებების „მუდმივი გადადება ხდება და ამის მხოლოდ ერთი მიზეზი არსებობს - ომი ირანში“.
მან დააზუსტა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანზეა ორიენტირებული, თუმცა მომლაპარაკებელი ჯგუფები ერთმანეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
„ჩვენი ჯგუფი ყოველდღიურად საუბრობს ამერიკულ მხარესთან. ამერიკელებიც ყოველდღიურად საუბრობენ რუსებთან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ირანთან მიმდინარე ომის გამო, შეერთებულმა შტატებმა გამოთქვა სურვილი, უკრაინასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს უმასპინძლოს, მაგრამ რუსებმა უარი თქვეს.
„ამიტომ, ამ ეტაპზე ჩვენ ვცდილობთ, ყურადღება გავამახვილოთ ამერიკაზე და შევთავაზოთ თარიღი და ადგილმდებარეობა. უკრაინა მხარს დაუჭერს ნებისმიერ თარიღს და ნებისმიერ ადგილს, მაგრამ არა რუსეთში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს შეხვედრისა და საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდა იმ ფონზე, როცა ტრამპმა, ირანთან ომთან დაკავშირებული პოზიციის გამო, კირ სტარმერი არაერთხელ გააკრიტიკა.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის ტრამპს არ ეტყვის, რა უნდა გააკეთოს, აშშ-ს პრეზიდენტსა და ბრიტანეთის პრემიერს შორის შეხვედრა უნდა შედგეს ურთიერთობის გადატვირთვისა და საერთო ენის გამონახვისთვის.
„ძალიან მინდა, რომ პრეზიდენტი ტრამპი სტარმერს შეხვდეს, რათა მათ საერთო პოზიცია ჰქონდეთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.