ეროვნული ბანკი თებერვალში ჩატარებულ ეკონომიკური აგენტების ინფლაციური მოლოდინების კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ბაზრის მონაწილეთა ინფლაციური მოლოდინები შემცირებული იყო.
კვლევა თებერვალში ჩატარდა და ის არ მოიცავს იმ ცვლილებებს, რაც ნედლეულის ბაზარზე ირანში დაწყებულმა ომმა განაპირობა. აღნიშნული ეფექტი კი ასახული იქნება ინფლაციური მოლოდინების მარტის თვის გამოკვლევაში.
თებერვლის ინფლაციური მოლოდინების კვლევის შედეგები ასე ნაწილდება:
- ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, 2026 წლის თებერვალში იანვართან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირდა. იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც ფასების ცვლილებას 4-6%-ის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ფიქრობენ შემცირებულია. ამავდროულად, თებერვალში იანვართან შედარებით გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ინფლაციის 2%- 4%-სა და 6%-8%-ის ინტერვალში ვარაუდობენ. აღსანიშნავია, რომ გასული 4 თვისგან განსხვავებით, რესპონდენტების მცირე ნაწილი 2%-ზე მეტად ფასების კლებასაც მოიაზრებს.
- ამავე გამოკითხვის მიხედვით, მიმდინარე წლის თებერვალში იანვართან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. ერთი მხრივ, იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 6%-8%-ის ინტერვალსა და 8%-ზე მეტად ფიქრობენ შემცირებულია. მეორე მხრივ, წინა თვესთან შედარებით, გაიზარდა იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ზრდას 4%-6%-ის და 2-4%-ის ფარგლებში ელოდებიან.
- გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში გაზრდილია. კერძოდ, გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 8%-ზე მეტად მოიაზრებენ. თუმცა, შემცირდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ცვლილებას შედარებით დაბალ ინტერვალში (4-6%, 2-4% და 0-2%) ელოდებიან.
- ამავე გამოკითხვის მიხედვით, თებერვალში იანვართან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე შემცირებულია. კერძოდ, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 10%- 20%-ის ინტერვალსა და 30%-ზე მეტად ელოდებიან შემცირებულია. ამავდროულად, გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების უცვლელად შენარჩუნებას (0%) და 20%-30%-ის დიაპაზონში ზრდას მოიაზრებენ.
- გამოკითხულთა აზრით, თებერვალში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) წინა თვესთან შედარებით შემცირებულია.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.