უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GUR) ინფორმაციით, რუსეთის ძალები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ილონ მასკის SpaceX-ის მიერ დამზადებული Starlink-ის ტერმინალებს თანამგზავრული ინტერნეტისთვის იყენებს.

"რუსი ოკუპანტების მიერ აღნიშნული მოწყობილობების გამოყენების შემთხვევები შევნიშნეთ. ეს სისტემურ სახეს იღებს". - ამბობს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელი ანდრიი იუსოვი.

სააგენტოს თქმით, რუსეთის 83-ე საჰაერო შეტევის ბრიგადა Starlink-ის ტერმინალებს დონეცკში, კლიშჩიივკისა და ანდრიივკის ქალაქების მიმდებარედ იყენებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

GUR-ის ცნობებით, ორ რუს ჯარისკაცს შორის საუბარი მოისმინეს, სადაც ისინი მსჯელობდნენ, თუ სად გაემართათ Starlink-ის ტერმინალები. სააგენტოს კომენტარი არ გაუკეთებია იმის შესახებ, თუ საიდან მოიპოვა რუსულმა მხარემ აღნიშნული ტერმინალები - უცხოეთიდან შესყიდვით თუ ბრძოლის ველზე ნაპოვნი ნადავლიდან.

SpaceX-მა 8 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთში Starlink-ის ტერმინალები გააქტიურებული არ არის. ამას გარდა, კომპანიის თქმით, რუსეთში სატელიტური ინტერნეტის სერვისი არასდროს გაუყიდიათ.

"თუ SpaceX-ი მოიპოვებს ცნობას, რომ Stalink-ის ტერმინალებს სანქციების ქვეშ მყოფი ან არაავტორიზებული მხარე იყენებს, გამოვიძიებთ და ტერმინალის გამორთვისთვის ნაბიჯებს გადავდგამთ". - განაცხადა Stalink-მა X-ზე.