ბავშვის დაბადება მხოლოდ ცხოვრების წესს არ ცვლის - ის გავლენას მამების ტვინზეც ახდენს. გერმანელი მეცნიერების ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ პირველი შვილის გაჩენიდან რამდენიმე კვირაში ახალგაზრდა მამების ტვინში მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებები მიმდინარეობს.

კვლევა გერმანიის ქალაქ აახენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ 25 ახალბედა მამის ტვინი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) საშუალებით ბავშვის დაბადებიდან 1, 3, 6, 9, 12 და 24 კვირის შემდეგ შეისწავლეს. მეცნიერები აკვირდებოდნენ, როგორ იცვლებოდა ტვინის სტრუქტურა და როგორ ყალიბდებოდა მამებსა და შვილებს შორის ემოციური კავშირი.

აღმოჩნდა, რომ ყველაზე ინტენსიური ცვლილებები ბავშვის დაბადებიდან პირველ 6 კვირაში მიმდინარეობს. ამ პერიოდში ტვინის სხვადასხვა უბანში ნაცრისფერი ნივთიერების მოცულობა მცირდება, რაც მეცნიერების განმარტებით დაზიანებას არ ნიშნავს. პირიქით, ეს ტვინის ადაპტაციისა და ე.წ. ნეიროპლასტიკურობის პროცესის ნაწილია, როდესაც ნერვული კავშირები ახალი ცხოვრებისეული გამოწვევებისთვის გადაეწყობა.

შემდგომ პერიოდში, დაახლოებით 12-დან 24 კვირამდე, ზოგიერთი უბანი კვლავ ზრდას იწყებს. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს ცვლილებები ბავშვის მოვლისთვის საჭირო უნარების განვითარებას უკავშირდება - ყურადღების კონცენტრაციას, ემპათიას, ემოციურ კავშირსა და მშობლის პასუხისმგებლობის შეგრძნებას.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ იმ მამებს, რომელთაც შვილებთან უფრო ძლიერი ემოციური კავშირი ჩამოუყალიბდათ, ტვინის ემოციებთან დაკავშირებულ რეგიონებს შორის უფრო მჭიდრო კავშირები აღენიშნებოდათ. განსაკუთრებით აქტიური აღმოჩნდა ამიგდალა - ტვინის ნაწილი, რომელიც ემოციებისა და მიჯაჭვულობის პროცესებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

მეცნიერების შეფასებით, კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მშობლობა მხოლოდ სოციალური ან ემოციური გამოცდილება არ არის. ის ბიოლოგიური პროცესიცაა, რომელიც მამაკაცის ტვინს ახალ როლთან ადაპტირებაში ეხმარება