აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის - დონალდ ტრამპის ქონება 20%-ზე მეტით - 3,2 მილიარდი დოლარიდან 2,5 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ამის მიზეზი სოციალურ ქსელ Truth Social-ის პროექტის წარუმატებლობაა, რომელიც ტრამპს 550 მლნ დოლარი დაუჯდა. ამის შესახებ Forbes-ი წერს. 2026 წლისთვის, გეგმის მიხედვით, მას 81 მლნ მომხმარებელი უნდა მოეზიდა, მაგრამ ჯერ მხოლოდ 5 მლნ ჰყავს. გამოცემის გამოთვლით, ამ მიზანს ტრამპის სოცქსელი 2086 წლამდე ვერ მიაღწევს.
Trump Media & Technology Group-მა (TMTG) 2021 წლის ოქტომბერში გამოაცხადა, რომ „დიდი ტექნოლოგიების ტირანიასთან" დასაპირისპირებლად ახალი სოციალური ქსელ Truth Social-ს უშვებდა. ტრამპის მხარდამჭერები Digital World Acquisition Corp-ში (DWAC) გადავიდნენ, კომპანიაში, რომელიც Trump Media & Technology Group-ის ბირჟაზე გაყვანის მიზნით შეიქმნა. ორ დღეში DWAC-ის აქციები $10-დან $175-მდე გაიზარდა და კომპანია 22 მლრდ დოლარად შეფასდა.
2021 წლის დეკემბრისთვის, კომპანიის თითო აქციის ფასი 45 დოლარამდე დაეცა. ამის მიზეზი სოციალური ქსელ Truth-ის ბეტა ვერსიის დასაწყებად დაანონსებული ვადის გადაცილება გახდა.
დღეს TMTG-ის აქციები 14 დოლარი ღირს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის კომპანია 1,2 მლრდ დოლარადაა შეფასებული. Forbes-ი წერს, რომ მთავარი პრობლემა ის არის, რომ Truth Social-ს თითქმის არავინ იყენებს.
გამოცემის ინფორმაციით, Truth Social-ის წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი 2022 წლის ოქტომბერში ილონ მასკის მიერ Twitter-ის შეძენაა, რამაც ძირი გამოუთხარა მოსაზრებას, რომ მსოფლიოს Twitter-ის უფრო კონსერვატიული ვერსია სჭირდებოდა. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ მასკმა ტრამპის Twitter-ის ანგარიშიც განბლოკა.
იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპი ფლობს Truth Social-ის დაახლოებით 85%-ს, ხოლო Twitter თითო მომხმარებლისთვის 42 დოლარი ღირს, ყოფილი პრეზიდენტის წილი 180 მლნ დოლარად შეიძლება შეფასდეს, წერს გამოცემა. ესეც გადაჭარბებულია, რადგან Truth Social-ს თვეში დაახლოებით 100 000 მომხმარებელს ემატება. სოციალური ქსელი 81 მლნ მომხმარებლის მიზანს 2086 წლამდე ვერ მიაღწევს, წერს Forbes-ი.