იუპიტერი მზის სისტემის ნამდვილი მონსტრია — მისი მასა 2,5-ჯერ აღემატება სისტემის ყველა დანარჩენ პლანეტათა მასის ჯამს.
თუმცა, ირკვევა, რომ მზის სისტემის უდიდესი პლანეტა ერთ დროს კიდევ უფრო დიდი ყოფილა. ახალი გათვლების თანახმად, ადრეულ პერიოდში იუპიტერს ამჟამინდელზე 2,5-ჯერ მეტი მოცულობა ჰქონდა.
კვლევა კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტრონომმა კონსტანტინ ბატიგინმა და მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევარმა ფრედ ადამსმა ჩაატარეს.
იუპიტერის ორ თანამგზავრზე ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით, მათ დაადგინეს, რომ მზის სისტემაში პირველი მყარი მასალების წარმოქმნიდან სულ რაღაც 3,8 მილიონი წლის შემდეგ, იუპიტერის მოცულობა ამჟამინდელზე 2,5-ჯერ დიდი იყო და გააჩნდა გაცილებით მძლავრი მაგნიტური ველი.
ეს აღმოჩენა მხარს უჭერს პლანეტის წარმოქმნის ქვემოდან-ზემოთ მეთოდს გაზის გიგანტი პლანეტების შემთხვევაში.
„ჩვენი საბოლოო მიზანია, გავიგოთ, საიდან მოვდივართ და ამ საქმეში პლანეტათა წარმოქმნის გარკვევა გადამწყვეტია. ამას ახლოს მივყავართ იმის დადგენასთან, როგორ ჩამოყალიბდა არა მხოლოდ იუპიტერი, არამედ მთლიანად მზის სისტემა“, — ამბობს ბატიგინი.
მიჩნეულია, რომ კლდოვანი პლანეტები — მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი ქვემოდან-ზემოთ წარმოიქმნენ, მტვრისა და ქვების თანდათანობითი აკუმულაციის შედეგად, რომლებმაც საბოლოოდ მთლიანი პლანეტა წარმოქმნეს, აქვთ ბირთვი და ერთმანეთისგან გამოყოფილი შრეები. ამას ბირთვის აკრეციას უწოდებენ.
მეცნიერთა აზრით, სწორედ ამ გზით წარმოიქმნა გაზის გიგანტებიც, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ გარკვეულ მასას მიაღწიეს, დაახლოებით 10 დედამიწის მასას, უკვე საკმარისი გრავიტაცია ჰქონდათ, რომ შეენარჩუნებინათ გაზის დიდი გარსი და გაეგრძელებინათ მისი აკუმულაცია. ეს პროცესი მიმდინარეობდა მზის სისტემის გარე ნაწილში, რადგან მზის სიახლოვეს საკმარისი მასალები არ უნდა ყოფილიყო, რათა დიდ ბირთვად აკუმულირებულიყო.
ვინაიდან მიჩნეულია, რომ იუპიტერის ფორმაციამ და ევოლუციამ საკვანძო როლი ითამაშა მზის სისტემის არქიტექტურის ფორმაციასა და ევოლუციაში, მისი დაბადებისა და ზრდის შესახებ დეტალები პლანეტურ მეცნიერთა ძლიერი ინტერესის საგანია. ვინაიდან მზის სისტემის წარსულში დაბრუნება შეუძლებელია, საჭიროა, დავაკვირდეთ იმას, რაც ახლა ხდება, რათა ვცადოთ წარსულის რეკონსტრუქცია.
როგორც წესი, ეს მოიცავს ირმის ნახტომში პლანეტურ სისტემებზე დაკვირვებათა შედეგად შექმნილ პლანეტური ფორმაციის სტანდარტულ მოდელებს და ახალ მოდელთა შექმნას. თუმცა, მათი შექმნა რთულია, მოითხოვს დიდ მიხვედრილობას და ხშირად შეიცავს მნიშვნელოვან გაურკვევლობებს.
ბატიგინმა და ადამსმა განსხვავებული მიდგომა გამოიყენეს — მათ იუპიტერის ორი ციცქნა მთვარის, ამალეთეას და თებეს ორბიტული მოძრაობა შეისწავლეს; ისინი პლანეტის გარშემო საკმაოდ ახლოდან მოძრაობენ, უფრო ახლოს, ვიდრე იო. ამ მთვარეების ორბიტები იუპიტერის ეკვატორის მიმართ დახრილია.
როგორც წინა კვლევებმა აჩვენა, ამ დახრილობათა გამოყენებით შესაძლებელია ამ ციცქნა მთვარეთა ორბიტული ისტორიის შესწავლა. ბატიგინმა და ადამსმა ორბიტული ისტორია იუპიტერის ადრეული ევოლუციის რეკონსტრუქციისთვის გამოიყენეს.
„საოცარია, რომ 4,5 მილიარდი წლის შემდეგაც კი რჩება საკმარისი მინიშნებები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია არსებობის დასაწყისში იუპიტერის ფიზიკური მდგომარეობის რეკონსტრუქცია“, — ამბობს ადამსი.