ეკონომისტი სოსო ბერეკაშვილი ფიქრობს, რომ არსებული ინფლაციის მაჩვენებლების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთი უნდა გაემკაცრებინა.
„რატომ არ აკეთებენ ამას? იმიტომ, რომ ამაში მოუწევთ „ფასის გადახდა,“ ანუ ეკონომიკის ზრდის შემცირება“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ბერეკაშვილმა, რომელიც ამბობს, რომ სები გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად დიდი ხანია არ იღებს.
„მოსალოდნელი იყო, თუმცა ალოგიკურია იმ მონაცემების მიხედვით, რაც ჩვენ გვაქვს. იკვეთება ტენდენცია რომ ინფლაცია იზრდება და ეს ხდება გასული წლის ოქტომბრიდან. ასეთ დროს ლოგიკურია რომ სებმა მიიღოს ზონები, ანუ გაზარდოს განაკვეთი და მოთოკოს ფასების ზრდა.
რატომ არ აკეთებენ ამას? იმიტომ, რომ ამაში მოუწევთ „ფასის გადახდა,“ ანუ ეკონომიკის ზრდის შემცირება.არადა ეკონომიკური ზრდა რიცხვებში თითქოს ამის საშუალებას გვაძლევს, მაგრამ აქ კიდევ პრობლემა უნდა ვეძებოთ იმაში, რამდენად რეალური ზრდაა რეალურ სექტორებში. შეიძლება აიტი მიმართულება იზრდება, მაგრამ ბევრია ისეთი, რომელიც იმავეს არ იმეორებს. განაკვეთის გამკაცრებით კი მსგავსი სექტორები კიდევ უფრო შენელდებოდა.
ეროვნული ბანკის რეპუტაცია ძალიან დიდი ხანია დაზიანებულია და ვერავინ იტყვის, რომ ის გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს და დღეს ის ხელმძღვანელობს მხოლოდ ეკონომიკური მიზნებით.
ამის გარდა როცა ამბობენ, რომ სასურსათო ინფლაცია გვაქვს მაღალი და ისე მიზნობრივთან ახლოს ვართო, ბოდიში მაგრამ ეს არის მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. იმიტომ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი დაბალ შემოსავლიანია და ხარჯების დიდი წილი მოდის სურსათზე, რომლის ფასების 12%-ით არის გაზრდილი. ასევე პრობლემაა ჯანდაცვაში ფასის ზრდა, რომელიც საერთო დანახარჯებში ასევე დიდი წილით სარგებლობს.“- განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა.
ინფორმაციისთვის, 5 ნოემბრის მკპ-ს გადაწყვეტილებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა, მიმდინარე წლის ინფლაციის პროგნოზი კი გაზარდა. მზარდი ინფლაციის ფონზე სები მოელის რომ საშუალო წლიური მაჩვენებელი 4% იქნება, 2026 წლიდან კი 3.5%-მდე შემცირდება. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ წინა პროგნოზის მიხედვით წელს ინფლაცია 3.8%, მომავალ წელს კი 3.1%-ის ფარგლებში უნდა ყოფილიყო.
გამოქვეყნებულ ანგარიშში ეროვნული ბანკი წერს, რომ ოქტომბერში ფასების საერთო დონე 5.2%-ით გაიზარდა, ამის ძირითადი მიზეზი კი სურსათის ინფლაცია იყო.