ოქტომბერი საპენსიო ფონდის პორტფელებისათვის საკმაოდ კარგი თვე აღმოჩნდა, რაც ძირითადად საერთაშორისო აქციების ბაზრების ძლიერმა ზრდამ განაპირობა. აღნიშნული დადებითი ტენდენცია, კომპანიების ძლიერ კვარტალურ შედეგებს, აშშ-ჩინეთის სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებულ ოპტიმიზმსა და ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტოს განაკვეთის დამატებით შემცირებას უკავშირდება. დინამიკური პორტფელი, რომელშიც საერთაშორისო აქციების წილი, სხვა პორტფელებთან შედარებით, ყველაზე მაღალია, ოქტომბერში 1.70%-ით გაიზარდა, ხოლო დაბალანსებულმა და კონსერვატიულმა პორტფელებმა შესაბამისად 1.43% და 1.15%-იანი ზრდები დააფიქსირეს.

წლის დასაწყისიდან დღემდე შემოსავლიანობა სამივე პორტფელისთვის საკმაოდ მაღალია:

 დინამიკური – 13.90%
 დაბალანსებული – 11.83%
 კონსერვატიული – 10.12%

აღსანიშნავია, რომ დინამიკური პორტფელი შექმნის დღიდან (2023 წლის 6 აგვისტო) გაწლიურებული შემოსავლის კუთხითაც ლიდერობს და მისი შემოსავლიანობა 14.8%-ს აღწევს, ხოლო დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელებისათვის შესაბამისი მაჩვენებლები 13.4% და 12.0%-ს შეადგენენ.

საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა ოქტომბრის ბოლოსთვის 7.9 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა – 2.1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

საქართველოს საპენსიო ფონდის 31 ოქტომბრის სტატისტიკური მონაცემები

საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 686 ათასი ადამიანია. 2025 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 24,823 -მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 112 მლნ ლარი.

საპენსიო ფონდის აქტივების ღირებულებამ 7.9 მლრდ ლარს მიაღწია, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.1 მლრდ ლარს გადააჭარბა.