ჩინელი მკვლევრებმა Lonvi Biosciences-ის ლაბორატორიიდან, განაცხადეს ყურძნის წიპწებზე დაფუძნებული პრეპარატის შექმნის შესახებ, რომელსაც, მათი თქმით, ადამიანის სიცოცხლის 100 წლამდე ან მეტხანს გახანგრძლივება შეუძლია, იტყობინება The New York Times.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში დღეგრძელობის მეცნიერების განვითარება ადრე საკამათო საკითხად ითვლებოდა, ბოლო წლებში ინდუსტრიამ მხარდაჭერა მიიღო მთავრობისა და კერძო ინვესტორებისგან. ამ თემის მიმართ ინტერესი იზრდება არა მხოლოდ მსხვილ კომპანიებში, არამედ მდიდარ ფიზიკურ პირებშიც.
შანხაიში დაფუძნებული დაბერების კვლევის კომპანია Time Pie-ს თანადამფუძნებელმა, გან იუმ, აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის გახანგრძლივება ოდესღაც მხოლოდ აშშ-ში იყო პოპულარული, ახლა ეს თემა ჩინეთშიც ფართო ინტერესს იწვევს. Lonvi Biosciences-ის ტექნოლოგიების ხელმძღვანელი ლიუ ცინხუა დარწმუნებულია, რომ 150 წლამდე ცხოვრება მიღწევადი მიზანია: „რამდენიმე წელიწადში ეს რეალობად იქცევა“, - თქვა მან.
შენჟენში მდებარე ლაბორატორია Lonvi Biosciences უჯრედების დაბერების საწინააღმდეგო პრეპარატებზე მუშაობს. ახალი პრეპარატი ყურძნის წიპწის ექსტრაქტზეა დაფუძნებული, რომელიც შეიცავს ნაერთს პროციანიდინ C1-ს (PCC1). მანამდე, შანხაის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ PCC1 ლაბორატორიულ თაგვებში სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის.
The New York Times–ის ცნობით, განვითარების მიზანია ეგრეთ წოდებული „ზომბი უჯრედების“ — დაბერებული უჯრედების განადგურება, რომლებიც წყვეტენ დაყოფას, მაგრამ აგრძელებენ ქსოვილების ანთების გამოწვევას. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, იპ ჟუომ, პრეპარატს დღეგრძელობის კვლევის „წმინდა გრაალი“ უწოდა.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ 2024 წელს ჩინეთში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ 79 წელი შეადგინა, რაც ხუთი წლით მეტია გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე.