ამერიკულმა ტურისტულმა კომპანია Firebird Tours-მა 65 წლისა და უფროსი ასაკის მოგზაურებისთვის მსოფლიოს 100 ყველაზე შესაფერისი ქვეყნის რეიტინგი გამოაქვეყნა. სიაში საქართველო 36-ე პოზიციას იკავებს.

კომპანიამ ქვეყნები შვიდი ძირითადი ინდიკატორის მიხედვით შეაფასა. მათ შორისაა 65 წელს გადაცილებული მოსახლეობის წილი, ხანდაზმულებისთვის მუზეუმებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული შეღავათები, საფეხმავლო ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვის სისტემის ხარისხი და სანდოობა, უსაფრთხოება და კულტურული ტურისტული შესაძლებლობები.

კულტურული მიმართულების შეფასებისას Firebird Tours-მა გაითვალისწინა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებისა და Michelin-ის ვარსკვლავიანი რესტორნების რაოდენობაც.

კვლევის მიხედვით, საქართველოში 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 16.7%-ია. რეიტინგის პირველ ადგილზე მყოფ იაპონიაში კი ეს მაჩვენებელი 29.5%-ს აღწევს და კვლევაში მონაწილე ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალია.

ხანდაზმულებისთვის მუზეუმებში მოქმედი ფასდაკლებების მიმართულებით საქართველოს 25%-იანი მაჩვენებელი აქვს, იაპონიას კი — 100%. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ტურისტებისთვის ხელმისაწვდომი შეღავათების მიხედვით საქართველოს მაჩვენებელი 80%-ია, იაპონიის — 90%.

საფეხმავლო ინფრასტრუქტურის შეფასებაში ორივე ქვეყანამ 5% მიიღო. ჯანდაცვის სისტემის ხარისხისა და საიმედოობის კომპონენტში საქართველოს მაჩვენებელი 52.6%-ია, იაპონიის — 60.5%.

კულტურული ღირსშესანიშნაობების მაჩვენებლით საქართველო იაპონიას უსწრებს — შესაბამისად, 2.07% და 1.49%. უსაფრთხოების კომპონენტშიც საქართველოს მაჩვენებელი უფრო მაღალია: 26.9%, იაპონიის კი — 22.2%.

UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს ანგარიშში 4 ობიექტი აქვს, იაპონიას — 26. Michelin-ის ვარსკვლავიანი რესტორნების რაოდენობით კი საქართველოს მაჩვენებელი ნულია, იაპონიაში კი 351 ასეთი რესტორანია.

რეიტინგის მეორე პოზიციაზე გერმანია გავიდა. Firebird Tours-ის შეფასებით, ქვეყანას ხანდაზმული მოსახლეობის მაღალი წილი, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეღავათები და კულტურული ტურიზმის ფართო შესაძლებლობები აქვს. გერმანიაში UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის 54 ძეგლი და Michelin-ის ვარსკვლავიანი 336 რესტორანია.

მესამე ადგილზე ესპანეთია, რომელმაც განსაკუთრებით მაღალი შეფასება საფეხმავლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მიიღო. რეიტინგში აღნიშნულია, რომ მადრიდმა ამ კატეგორიაში ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა. ხანდაზმულებისთვის ესპანეთის მუზეუმებში ფასდაკლებებიც მოქმედებს, თუმცა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეღავათები ძირითადად ადგილობრივ მოსახლეობაზე ვრცელდება.

Firebird Tours-ის რეიტინგის მიხედვით, ხანდაზმული მოგზაურებისთვის საუკეთესო ქვეყნების ათეული ასეთია:

  • იაპონია
  • გერმანია
  • ესპანეთი
  • სლოვენია
  • შვეიცარია
  • ავსტრია
  • დანია
  • ფინეთი
  • ნიდერლანდები
  • კანადა

საქართველო რეიტინგში 36-ე ადგილზეა.