დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ოფისის (ONS) ანგარიშის თანახმად, ივლისში დიდ ბრიტანეთში სამომხმარებლო ფასები წინა წელთან შედარებით 2.9%-ით გაიზარდა.
Trading Economics-ის მონაცემებით, ეს დაემთხვა ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზს. ამგვარად, ინფლაცია ივნისის 2.6%-დან დაჩქარდა და ოთხი თვის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.
სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები გასულ თვეში 1.3%-ით გაიზარდა (ივნისში - 1.7%-ით), ალკოჰოლური და თამბაქოს ნაწარმი - 2.5%-ით (2.1%-ით), ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - 0.5%-ით (წინა თვით იგივე რაოდენობის შემცირების შემდეგ), ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები - 1%-ით (ივნისში - 0.2%-ით შემცირდა).
ტრანსპორტის მომსახურების ფასების ზრდა ივნისის 5.7%-დან 3.6%-მდე შემცირდა, კომუნიკაციის მომსახურებაზე - 5.2%-დან 5%-მდე, ხოლო ჯანდაცვის მომსახურებაზე - 2.5%-დან 2.7%-მდე დაჩქარდა. განათლებაში 5.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც წინა თვის ანალოგიური მაჩვენებელია. რესტორნებისა და სასტუმროების ფასები ივნისში 4.4%-იანი ზრდის შემდეგ 4%-ით გაიზარდა.
მომსახურების სექტორში, მთლიანობაში, ინფლაციის მაჩვენებელი 3.6%-დან 3.4%-მდე შემცირდა, ხოლო საქონლის ფასების ზრდა 1.7%-დან 2.2%-მდე დაჩქარდა.
სამომხმარებლო ფასები დიდ ბრიტანეთში ივლისში წინა თვესთან შედარებით 0.3%-ით გაიზარდა (ივნისში - 0.1%-ით).
სურსათის, ალკოჰოლის, თამბაქოსა და ენერგიის ფასების გამოკლებით ფასები (ძირითადი CPI ინდექსი, ძირითადი ინფლაცია) გასულ თვეში წლიურად 2.6%-ით და თვიურად 0.2%-ით გაიზარდა (ივნისში, შესაბამისად, 2.6%-ით და 0.3%-ით).
ივლისში საცალო ფასების ინდექსის (RPI) ზრდამ წლიურად 3.2% შეადგინა, რაც წინა თვის 3%-ზე მეტია. ამ მაჩვენებელს ბრიტანელი დამსაქმებლები ხელფასებზე მოლაპარაკებებისას იყენებენ. CPI-სა და RPI დინამიკას შორის სხვაობა განპირობებულია RPI-ში საცხოვრებლის ხარჯების ჩართვით, ასევე ავიაბილეთების, დაზღვევისა და ბენზინის ფასების განსხვავებული წონით. RPI თვესთან შედარებით 0.6%-ით გაიზარდა (ივნისში 0.3%-ით).