სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.8 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 53.3 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 46.0 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.8 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 0.7 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.4 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 46.7 პროცენტს და 45.0 პროცენტს შეადგენს.
უწყების ანგარიშით, 2026 წლის მეორე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში უცვლელი დარჩა და 69.0 პროცენტი შეადგინა.
2026 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.3 პროცენტული პუნქტით.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2026 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 0.2 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 11.3 პროცენტს და 15.7 პროცენტს შეადგენს.
ამასთან, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2026 წლის მეორე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 42.2 პროცენტს, ხოლო კაცებში 66.3 პროცენტს შეადგენს. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში შემცირებულია 1.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით.
უწყების ინფორმაციით, 2026 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე ქალებში შემცირებულია 0.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით.