დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ბრაკონიერების ფაქტი გამოვლინდა - მოკლულია წითელი ნუსხის სახეობა - მურა დათვი.

"ფაქტზე გამოძიება დაიწყო შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლის II ნაწილის საფუძველზე (უკანონო ნადირობა).

სამართალდამცავებმა ამოიღეს რეგისტრირებული იარაღები და ნადირის ხორცი, რომლებიც ნივთმტკიცების სახით ერთვის სისხლის სამართლის საქმეს.

აღსანიშნავია, რომ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები სასაზღვრო ზონებს მოიცავს, სადაც რეინჯერები და მესაზღვრეები ერთობლივად ახორციელებენ მონიტორინგს და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

დაცულ ტერიტორიებზე ნადირობა და იარაღით გადაადგილება მკაცრად იკრძალება და ისჯება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით." - წერია განცხადებაში.