რეალურად არის უამრავი სერიოზული პრობლემა სკოლებში, ზოგადი განათლების სისტემაში და ძალიან ბევრია სამუშაო იმისათვის, რომ ის რეფორმა, რომელიც დაიგეგმა, სწორად გატარდეს. უამრავი რამეა გამოსასწორებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პრობლემები არის უამრავი განათლების სისტემაში, რასაც სჭირდება ეტაპობრივი გადაჭრა.
„ერთ-ერთი პირველი, რაც გავაკეთე, როდესაც ახალი მინისტრი დაინიშნა, იყო სწორედ ზოგადი განათლების რეფორმაზე მუშაობა. ეს ვთხოვე მას და ამის საფუძველზე მომზადდა სასკოლო განათლების რეფორმის კონცეფცია. პრობლემები არის უამრავი განათლების სისტემაში, რასაც სჭირდება ეტაპობრივი გადაჭრა. არის სასწავლო პროგრამასთან დაკავშირებით კონკრეტული პროგრამების სტანდარტებთან დაკავშირებით პრობლემები და ამას სჭირდება სისტემური, მუდმივი მუშაობა. პირველ რიგში საჭირო იყო კონცეფცია, სადაც პრობლემები იყო წარმოჩენილი და შემდეგ ამ პრობლემების საპასუხოდ იყო წარმოდგენილი კონკრეტული ინიციატივები. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა იყო ერთი სახელმძღვანელოს იდეა, რასაც მე პირადად პრინციპულად მხარს ვუჭერ.
რაც შეეხება მანდატურების გარეშე არის თუ არა შესაძლებელი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სკოლებში, თქვენ იცით, რომ მრავალი წლის წინ შეიქმნა მანდატურის სამსახური სწორედ უსაფრთხოების გამოწვევებზე საპასუხოდ. ჩვენ ხელისუფლებამდე შეიქმნა ეს სამსახური და დღემდე მიიჩნევა, რომ უმჯობესია, სწორედ მანდატურის სამსახურის მეშვეობით მოწესრიგდეს უსაფრთხოების საკითხები სკოლებში. ვერ დაგეთანხმებით, რომ არაფრის კეთებით შეიძლება, რამე გაუმჯობესდეს. რეალურად არის უამრავი სერიოზული პრობლემა სკოლებში, ზოგადი განათლების სისტემაში და ძალიან ბევრია სამუშაო იმისათვის, რომ ის რეფორმა, რომელიც დაიგეგმა, სწორად გატარდეს. უამრავი რამეა გამოსასწორებელი. თუ იქნება კონკრეტული იდეები, ყველა თემაზე, მათ შორის ერთი სახელმძღვანელოს თემაზე, ნებისმიერი სხვა საკითხზე, მზად ვართ სამსჯელოდ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს