სტამბოლში მოქალაქეებს აეკრძალათ ალკოჰოლური სასმელების მოხმარება საზოგადოებრივ ადგილებში, პარკებში, საპიკნიკე ადგილებში და პლაჟებზე.
როგორც თურქულმა მედია წერს სტამბოლის გუბერნატორმა დავუთ გულმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრესრელიზი ჯერ კიდევ 17 აგვისტოს გაავრცელა, თუმცა საზოგადოებაში აქტიური განხილვები რამდენიმე დღის შემდეგ დაიწყო.მ
გუბერნატორის დადგენილების დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ აკრძალვა მიზნად ისახავს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სხვადასხვა უსიამოვნო ინციდენტების პრევენციას, რომლებიც არ მოხდებოდა, რომ არა ინციდენტში მონაწილეთა ალკოჰოლური ინტოქსიკაცია. ასეთი შემთხვევები კი სტამბოლის პოლიციის პრაქტიკაში ბევრია. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვინც ამ აკრძალვას მაინც დაარღვევს და საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლს დალევს, 617 ლირას ჯარიმა დაეკისრება.
სოციალურ ქსელში გადაწყვეტილების ფართო განხილვის შემდეგ, სტამბოლის გუბერნატორმა დავუთ გულმა გაავრცელა განცხადება, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებამ არ შეიტანა ახალი პრაქტიკული ცვლილებები სასმელის პოლიტიკაში, არამედ მხოლოდ შეახსენა 4250 კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ღონისძიების მიზეზი იყო საჩივრები ინციდენტებთან დაკავშირებით სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის რაიონის ხელმძღვანელებიდან, სოციალური მედიიდან და რიგითი მოქალაქეებიდან.
სად არის აკრძალული ალკოჰოლის მიღება სტამბოლში:
- საზღვაო და ზღვისპირა საზოგადოებრივი ზონები
- პლაჟები
- პარკები
- საპიკნიკე ადგილები
- სანაპიროები
ეს საჯარო ადგილები ახლა ექვემდებარება ალკოჰოლური სასმელების მოხმარების აკრძალვას, გარდა ბიზნესისა, რომელიც ლიცენზირებულია ალკოჰოლის გაყიდვისა და მოხმარებისთვის.
ასევე ხელისუფლებამ საზოგადოებას შეახსენა მოქმედი დებულებებიც:
აკრძალულია ალკოჰოლის გაყიდვა არასრულწლოვანთათვის (18 წლამდე).
ალკოჰოლის საცალო ვაჭრობა ნებადართულია დილის 06:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე. გამონაკლისია რესტორნები და სხვა დაწესებულებები, რომლებიც ლიცენზირებულია ალკოჰოლის გაყიდვაზე.
აკრძალულია ისეთი ქმედებების განხორციელება, რამაც შეიძლება დაარღვიოს საზოგადოებრივი წესრიგი ალკოჰოლის მოხმარების გამო.
ალკოჰოლის გაყიდვა და მოხმარება ნებადართულია მხოლოდ ლიცენზირებულ დაწესებულებებში.