ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია („ცერნი“), 30 ნოემბრიდან, რუსულ ინსტიტუტებში მომუშავე 500 მეცნიერთან თანამშრომლობას წყვეტს. 100-მდე მათგანი უკვე გადავიდა არარუსულ ინსტიტუტებში, რათა ელემენტალური ნაწილაკების ფიზიკის ევროპულ ლაბორატორიაში გააგრძელოს მუშაობა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, 2022 წლის ივნისში „ცერნის“ საბჭომ რუსეთთან და მის მოკავშირე ბელარუსთან თანამშრომლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ეს ღონისძიება მოსკოვისთვის 30 ნოემბერს ამოქმედდება, ბელარუსისთვის კი უკვე 27 ივნისიდან არის ძალაში. ამ ორ ქვეყანას „ცერნთან“ ხუთწლიანი შეთანხმებები აქვს გაფორმებული და ბირთვული კვლევების ევროპულმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა, ვადის გასვლის შემდეგ, ეს შეთანხმებები აღარ გააგრძელოს.

„ცერნის“ პრესასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, არნო მარსოლიემ სააგენტო Keystone-ATS-ს დაუდასტურა მის მიერვე ჟურნალ Nature-ში ადრე გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმად, დაახლოებით 500 მეცნიერი, რომლებიც რუსულ ლაბორატორიებთან არიან დაკავშირებულნი, „ცერნთან“ თანამშრომლობას ვეღარ გააგრძელებენ, როგორც ეს უკვე მოხდა ათეულობით ბელარუს მკვლევართან მიმართებაში. მისივე თქმით, ჟენევაში, სადაც „ცერნი“ მდებარეობს, ძალიან ცოტა რუსი და ბელარუსი მეცნიერი მუშაობს.

მეცნიერები შიშობენ, რომ „ცერნიდან“ რუსეთის გარიცხვა „პუტინს დაეხმარება".

რუსეთთან კავშირის გაწყვეტა ნიშნავს 40 მილიონი შვეიცარიული ფრანკის დაკარგვას, რომელიც „ცერნის“ დიდი ჰადრონული კოლაიდერის (BAC) მოდერნიზაციისთვის იყო განკუთვნილი. მოდერნიზების შედეგად კი, 2029 წლიდან ნაწილაკების შეჯახების რაოდენობა სამჯერ უნდა გაზრდილიყო. ამასთან, რუსულ სააგენტოებსა და ინსტიტუტებს 4,5% შეაქვთ აღნიშნული კოლაიდერის ექსპერიმენტულ ბიუჯეტში, რომლის დაფარვა ახლა პროექტის სხვა მონაწილეებს მოუწევთ.

რუსეთის ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტი (ОИЯИ) შეშფოთებული არ არის

თუმცა, რუსი მეცნიერები შეძლებენ „ცერნში“ მუშაობის გაგრძელებას, თუ ისინი არარუსულ ინსტიტუტებში საქმიანობენ. „ცერნის“ საბჭოს რეზოლუციაში ნათქვამია, რომ მისი ზომები „ეხება „ცერნსა“ და რუსულ და (ბელარუსულ) ინსტიტუტებს შორის ურთიერთობას და სხვა ინსტიტუტებთან დაკავშირებულ რუს მეცნიერებთან ურთიერთობაზე არ მოქმედებს“.

ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის (ОИЯИ) მეცნიერებს, რომლებიც მოსკოვის ჩრდილოეთით 120 კილომეტრში, დუბნაში მუშაობენ, „ცერნის“ გადაწყვეტილება არ შეხებიათ, რამაც კიევში აღშფოთება გამოიწვია. 1993 წელს, ომისა და გაერო-ს ემბარგოს გამო, „ცერნმა“ იუგოსლავიის რესპუბლიკასთან ყველა სახის თანამშრომლობა, გაცვლითი პროგრამა და ვიზიტი შეაჩერა.

წყარო: 1tv.ge