სადღეისოდ საკუთარი საექსპორტო პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე სხვადასხვა სატრანსპორტო დერეფნებით დივერსიფიცირებული მიწოდება რუსეთის სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს, - ამის შესახებ ანალიტიკას "სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი" ავრცელებს.
ერთ-ერთ ასეთ სატრანსპორტო დერეფანს, რომელსაც რუსეთი ირანთან და ინდოეთთან ერთობლივად 2000 წლიდან ავითარებს ჩრდილოეთ – სამხრეთ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ თუ სანქციების დაწესებამდე 2021 წელს ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფნით, ყველა სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით 13.8 მლნ ტონა გადაიზიდებოდა, 2024 წელს თითქმის ორჯერ გაიზარდა და 26.9 მლნ ტონას მიაღწია. ზრდა შეინიშნებოდა 2022 და 2023 წლებშიც.
„2024 წლისთვის ჩრდილოეთ – სამხრეთ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნით მხოლოდ სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვებმა 13 მლნ ტონა შეადგინა.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს საპროგნოზო გათვლებით 2030 წლისთვის ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფნით გადაზიდვების მაჩვენებელი 41 მლნ ტონამდე გაიზრდება.
ფაქტიურად რუსეთმა დაწესებული სანქციების პირობებში, შეძლო საკუთარი საექსპორტო პოტენციალის ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფნის გამოყენებით გადაწყობა და გადაზიდვების გაორმაგება.
მიმდინარე ეტაპზე ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფნის გასწვრივ ინტენსიურად მიმდინარეობს, კასპიის ზღვის ჩრდილოეთით განლაგებული რუსეთის ნავსადგურების სატერმინალო ქსელის ინფრასტრუქტურის განვითარება.
რუსეთი ირანთან დამაკავშირებელ ჩრდილოეთ – სამხრეთ სატრანსპორტო დერეფნის სამ განშტოებას სხვადასხვა დატვირთვით იყენებს (იხ.სქემა).
დასავლეთ განშტოება – აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით;
აღმოსავლეთ განშტოება – ყაზახეთისა და თურქმენეთის ტერიტორიების გავლით;
ტრანსკასპიური განშტოება – კასპიის ზღვის გავლით;
რუსეთს ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფნის განვითარებით, სერიოზული წინაპირობები ამოძრავებს, რაც პირველ რიგში, ევროკავშირში სანქცირებული საკუთარი ნედლეულის მსოფლიო ბაზრებზე დივერსიფიცირებული დერეფნებით მიწოდება წარმოადგენს.
რუსეთის სარკინიგზო ოპერატორები ტვირთების გადასაზიდად ყაზახეთის და თურქმენეთის გავლით აღმოსავლეთ განშტოებას, გამოყენებას აძლევენ უპირატესობას.
2022 წელს ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფნით რუსეთის რკინიგზის РЖД ს გადაზიდვებში აღმოსავლეთის განშტოების წილმა – 67 %, 2023 წელს – 99 %, ხოლო 2024 წელს – 78 % შეადგინა.
აღნიშნული ტენდენცია მიუთითებს იმაზე, რომ დარჩენილი ორი დასავლეთის და ტრანსკასპიური განშტოებები, რუსეთს ჯერ კიდევ სრულად არ დაუტვირთია, რადგანაც ამ განშტოებებზე ინტენსიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
2024 წელს ჩრდილოეთ – სამხრეთ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ, რკინიგზით 2.4 ათასი TEU, მათ შორის აღმოსავლეთ განშტოებით 1.9 ათასი TEU გადაიზიდა (იხ. დიაგრამა). საკონტეინერო გადაზიდვების ამოქმედება მულტიმოდალობის თვალსაზრისით დერეფნის განვითარების დადებით სიგნალად უნდა ჩაითვალოს.
რუსეთი ჩრდილოეთ – სამხრეთ სატრანსპორტო დერეფანს საკუთარი პროდუქციის ექსპორტისათვის იყენებს. გადაზიდული ტვირთების 72 % რუსეთის ექსპორტს რამოადგენს. აღმოსავლეთ განშტოება კი სრულად 99 % ით რუსეთის ექსპორტზეა ორიენტირებული.
ძირითადი ტვირთების ნომეკლატურა, რომელიც ჩრდილოეთ – სამხრეთ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის აღმოსავლეთ განშტოებით გადაიზიდება შემდეგია: ქვანახშირი, შავი და ფერადი ლითონები, საკვები პროდუქტები, ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ხე – ტყე.
საპროგნოზო გათვლებით, მომდევნო ათი წლის განმავლობაში ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფნის აღმოსავლეთ განშტოება გამოყენებული იქნება სამშენებლო მასალების, შავი და ფერადი ლითონების, მარცვლეულის, საკვები პროდუქტების, სასუქებისა და ქიმიური პროდუქციის გადასაზიდად.
რუსეთის მთავრობის განცხადებით, მომდევნო წლებში ეტაპობრივად გაიზრდება, ირანის გავლით ინდოეთისკენ ქვანახშირის გადაზიდვები. 2040 წლისთვის გამიზნულია ინდოეთისთვის წლიურად 8 მლნ ტონა ქვანახშირის ტრანსპორტირება.
რუსეთის სტრატეგიული მიზანს, ირანთან და ინდოეთთან დამაკავშირებელი სუეცის არხის საზღვაო მარშრუტის, ჩრდილოეთ – სამხრეთ სატრანსპორტო დერეფნით ჩანაცვლება წარმოადგენს, რითაც რუსეთი უმოკლესი სახმელეთო არტერიით, თავდაპირველად ირანის ნავსადგურებს ბენდერ – აბასს და ჩაბახანს დაუკავშირდება, ხოლო შემდგომ საზღვაო მიმართულებით ინდოეთის ნავსადგურ მუმბაის (იხ.სქემა).
სანქციების პირობებში ინდოეთთან და ირანთან რუსეთის საქონელბრუნვის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად იზრდება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რუსეთისათვის ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფნის სტრატეგიულ დანიშნულებაზე.
2023 წელს რუსეთმა ინდოეთში 67 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი შეიტანა. ინდოეთიდან რუსეთში იმპორტმა კი 4 მილიარდი დოლარი შეადგინა.
2021 წლიდან 2023 წლამდე ინდოეთში საქონლის ექსპორტის მოცულობა ფინანსურ გამოხატულებაში თითქმის 700 % ით 8.7-დან 67.1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა (იხ. დიაგრამა).
2023 წელს რუსეთმა ინდოეთში 135,1 მლნ ტონა ტვირთი გაიტანა, რაც ორჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს, როდესაც რუსეთის ექსპორტი – 67,7 მლნ ტონას შეადგენდა.
ექსპორტის ძირითადი ნაწილი ნედლი ნავთობია, რომელიც რუსეთიდან ინდოეთში გადაზიდული საქონლის მთლიანი მოცულობის 66 % ს, 89 მლნ ტონას შეადგენდა, მომდევნო პოზიცია ქვანახშირს უკავია.
ინდოეთისგან განსხვავებით, რუსეთსა და ირანს შორის საქონელბრუნვა სტაბილურობით ხასიათდება, 2023 წელს ჯამურად 3 მილიარდი დოლარს მიუახლოვდა (იხ. დიგრამა).
2023 წელს რუსეთმა ირანში 3,6 მილიონი ტონა ტვირთის ექსპორტი განახორციელა. ირანში რუსეთის ექსპორტს სასოფლო – სამეურნეო პროდუქცია, მათ შორის ხორბალი წარმოადგენდა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
დასკვნის სახით, TCRC წერს, რომ – რუსეთის პროდუქციის სანქცირების პირობებში, საკუთარი საექსპორტო პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე სხვადასხვა სატრანსპორტო დერეფნებით მიწოდება მის სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს. ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფნის საშუალებით რუსეთმა ბოლო პერიოდში ორჯერ გაზარდა გადაზიდვის მოცულობები და 2024 წელს 26.9 მლნ ტონას მიაღწია.
სანქციების პირობებში ინდოეთთან და ირანთან რუსეთის საქონელბრუნვის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად იზრდება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რუსეთისათვის ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფნის სტრატეგულ დანიშნულებაზე.