„ინტენსიური ბაღებისთვის შემოვიტანეთ ისეთი ტექნიკა, რომელიც ქვეყანაში აქამდე არ ყოფილა, ეს დარგი სულ მალე განვითარდება“, - ამის შესახებ „აგრო მოტორსის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ყოლბაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული ტექნიკა რეგიონისთვის სიახლეა და ფუნქციონირებას მიმდინარე წლის მოსავლის აღების პერიოდიდან აიღებს.
„დღესდღეობით ქართულ სოფლის მეურნეობაში კვლავ არსებობს გამოწვევები. ჩვენ ერთ-ერთ გამოწვევას უკვე ვპასუხობთ, ვგულისხმობ ინტენსიურ ბაღებს. ამ მიმართულებით ყოველთვის იყო პრობლემა მოსავლის აღება. ჩვენ უკვე შემოვიტანეთ სიახლე მთელი რეგიონისთვის, კერძოდ, შემოვიყვანეთ ინტენსიური ბაღების მოსავლის აღების კომბაინი, რომელიც ესპანური ბრენდისაა.
ვფიქრობ ეს არის საკმაოდ დიდი ნაბიჯი ინტენსიური კულტურებისთვის, მათ ეს ტექნიკა დაეხმარებათ განვითარებაში. აქამდე ინტენსიურ ბაღებზე მოთხოვნა მცირდებოდა იქიდან გამომდინარე, რომ პრობლემა იყო როგორც მოსავლის აღების, ისე სამუშაო ძალის. წელს იქნება პირველი წელი, როცა აღნიშნული ტექნიკით ვიმუშავებთ“, - აცხადებს გიორგი ყოლბაია.