სამხრეთ კავკასიური მილსადენით (SCP) 2026 წლის პირველ ნახევარში დღეში საშუალოდ 63,7 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გადაიზიდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 2,1%-ით მეტია. ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო Report ავრცელებს.
ამავე პერიოდში გაზსადენის საოპერაციო ხარჯები წლიურად 13.9%-ით გაიზარდა და 41 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. კაპიტალური დანახარჯები კი დაახლოებით 1.6-ჯერ გაიზარდა და 19 მილიონი დოლარი შეადგინა.
სამხრეთ კავკასიური გაზსადენი აზერბაიჯანის შაჰდენიზის საბადოდან მოპოვებული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. გაზსადენი აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიებზე გადის და თურქეთის საზღვართან TANAP-ს უკავშირდება. მისი მეშვეობით გაზი საქართველოსა და თურქეთს მიეწოდება, ხოლო სამხრეთის გაზის დერეფნის ინფრასტრუქტურის საშუალებით, ევროპულ ბაზარზეც ხვდება.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მონაცემებით, სამხრეთ კავკასიური გაზსადენი საქართველოს გავლით ბუნებრივი აირის ტრანზიტის ერთ-ერთი მთავარი მარშრუტია.
წყაროები:
https://www.bp.com/en_az/azerbaijan/home/news/business-updates/2026-first-half-results.html
https://report.az/en/energy/gas-throughput-via-south-caucasus-pipeline-rises-2-1-in-h1-2026
https://www.gogc.ge/ka/statistics/years/