Anthropic, ზოგადად, შემოქმედებითი მარკეტინგით არის გამორჩეული, თუმცა ამჯერად, როგორც ჩანს, კომპანიამ თავის კრეატიულობასაც გადააჭარბა. AI-კომპანიის ახალი რეკლამა, სახელწოდებით “There’s hope in hard questions”, უცნაური ვიზუალისა და პესიმისტური განწყობის გამო კრიტიკის საგანი გახდა.
რეკლამა იწყება კადრით, სადაც სახლს ცეცხლი უკიდია, რის შემდეგაც ერთმანეთის მიყოლებით ჩნდება სტატიკური გამოსახულებები: სახის ამომცნობი ტექნოლოგიებით მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ადამიანები, ქუჩაში მძინარე უსახლკარო ადამიანი, სასაფლაოზე განლაგებული საფლავები და ისეთ მაღაროში მომუშავეები, სადაც, სავარაუდოდ, სმარტფონებისთვის საჭირო ნედლეული მოიპოვება.
ამ კადრების ფონზე სხვადასხვა ხმა სვამს კითხვებს, როგორიცაა: „შეიძლება თუ არა AI-ს ვენდოთ?“ და „თუ საჭირო გახდება, ვინ დააჭერს მუხრუჭს ფეხს?“
რეკლამა ნამდვილად არ ჰგავს ფართო აუდიტორიაზე გათვლილ მსუბუქ კამპანიას, თუმცა ის არც Anthropic-ის აქამდე არსებულ კომუნიკაციას სცდება. კომპანია დიდი ხანია ცდილობს, საკუთარი თავი სხვა AI-კომპანიებისგან განსხვავებულ ალტერნატივად წარმოაჩინოს და ამჯერადაც სწორედ ამ გზავნილს ავითარებს – ის აღიარებს იმ შიშებსა და კრიტიკას, რაც AI-ს მიმართ არსებობს, რითაც ცდილობს აჩვენოს, რომ თავის პასუხისმგებლობასაც სერიოზულად ეკიდება ამ საქმეში.
თუმცა ამ მიდგომამ ყველას მოწონება ვერ დაიმსახურა.
OpenAI-ს აღმასრულებელმა დირექტორი სემ ალტმანი რეკლამას ირონიულად გამოეხმაურა. მისი თქმით, თავიდან ეგონა, რომ ეს პაროდია იყო და ელოდა, როდის შეამჩნევდა, რომ Claude-ის ოფიციალური ანგარიშის ნაცვლად მსგავსი სახელწოდების ყალბი პროფილი იყო.
კრიტიკული შეფასებები ტექნოლოგიური სფეროს სხვა წარმომადგენლებისგანაც გავრცელდა. ზოგიერთი მომხმარებელი წერდა, რომ Anthropic შესანიშნავი კომპანიაა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე სუსტი კორპორაციული კომუნიკაცია აქვს, სხვები კი მიიჩნევდნენ, რომ რეკლამის ავტორები იმდენად ჩაკეტილ გარემოში ცხოვრობენ, ვერ აცნობიერებენ, რამდენად ცუდად შეიძლება აღიქვას მსგავსი კამპანია ფართო საზოგადოებამ.
მარკეტინგის თვალსაზრისით, Anthropic კარგად ნაცნობ სტრატეგიას იყენებს – ბრენდი თავად საუბრობს იმ პრობლემებზე, რომლებიც მთლიან ინდუსტრიას ახასიათებს, რათა აჩვენოს, რომ სწორედ მას შეუძლია ამ რისკების მართვა.
თუმცა, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში სტრატეგიამ ვერ გაამართლა. განსაკუთრებით დიდი უკმაყოფილება გამოიწვია კადრმა, რომელიც, სავარაუდოდ, არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზეა გადაღებული. ბევრმა მიიჩნია, რომ სასაფლაოს ფონზე დასმული კითხვა: „თუ საჭირო გახდება, ვინ დააჭერს მუხრუჭს ფეხს?“ ზედმეტად მძიმე და არაეთიკური იყო.
სწორედ სასაფლაოს სცენა გახდა სოციალური ქსელების განხილვის მთავარი თემა. არაერთმა მომხმარებელმა აღნიშნა, რომ რეკლამის სხვა უცნაურ ელემენტებს შორის ეს კადრი ყველაზე შემაშფოთებელი და ბნელი შთაბეჭდილების მომტანი იყო.
ზოგიერთმა დამკვირვებელმა ვიდეორგოლი 1970-იანი წლების თრილერს “The Parallax View-საც” კი შეადარა. სეთი ასოციაცია კი კომპანიას, რომელიც ცდილობს საზოგადოების თვალში პასუხისმგებლობიან AI-კომპანიად დამკვიდრდეს, ნამდვილად არ აძლევს ხელს.
აღსანიშნავია, რომ Anthropic-ის მარკეტინგული კამპანიები აქამდეც არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. მაგალითად, თებერვალში, Super Bowl-ის პერიოდში, კომპანიამ იუმორისტული რეკლამებით გააკრიტიკა OpenAI-ს გადაწყვეტილება ChatGPT-ში რეკლამების ინტეგრირების შესახებ. იმ კამპანიამ დადებითი გამოხმაურებაც მოიპოვა და კონკურენტის უკმაყოფილებაც გამოიწვია, თუმცა ახალი რეკლამა, როგორც ჩანს, გაცილებით საწინააღმდეგო რეაქციას იწვევს.