რუსეთის ცენტრალური ბანკის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, საბაზისო განაკვეთის ისტორიულ მაქსიმუმამდე, წლიურ 21%-მდე მკვეთრად გაზრდის შესახებ, უკვე შესამჩნევ გავლენას ახდენს ქვეყნის ფინანსურ ბაზარზე.
ბანკის პრეზიდენტ ელვირა ნაბიულინას თქმით, განაკვეთის გაზრდა სწრაფად მზარდი ინფლაციის შეკავების მცდელობაა. ის ამბობს, რომ ფასების ზრდა მოსახლეობის დანაზოგების ზრდის ფონზე ჭარბი მოთხოვნით არის განპირობებული.
ცენტრალური ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს და თუ ინფლაციის 4%-მდე შემცირების მიზანი არ იქნა მიღწეული, ნაბუილინა განაკვეთების შემდგომ ზრდას არ გამორიცხავს.
საბაზისო განაკვეთის ზრდამ რუსეთის ფინანსურ ბაზარზე უკვე იმოქმედა. კერძოდ, სესხებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა, რის გამოც ისინი ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდა, ეს კი ეკონომიკურ ზრდას ანელებს. ამასთან, სადეპოზიტო განაკვეთებმა მნიშვნელოვნად მოიმატა, რაც, თავის მხრივ, მეანაბრეებს იზიდავს.
დაკრედიტების პირობების გამკაცრება ბანკებს აიძულებს, სესხების გაცემის მიდგომებს გადახედონ, რაც პროცესს ართულებს. თუმცა სესხებზე მოთხოვნა მაღალი რჩება და საბაზისო განაკვეთის შემდგომმა ზრდამ შესაძლოა, სესხები კიდევ უფრო გააძვიროს.
ექსპერტებში გაჩნდა ეჭვიც, რომ ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად რუსეთის ბანკმა შესაძლოა, საბაზისო განაკვეთის გაზრდის ნაცვლად დეპოზიტები გაყინოს. თუცა ამ ეტაპზე მარეგულირებელი ამას უარყოფს და თავის Telegram-არხზე მეანაბრეების ანგარიშების გაყინვის იდეას აბსურდს უწოდებს.
„მაღალი ტარიფებით მოქალაქეებისთვის დეპოზიტებზე ფულის შოვნა მომგებიანია, თუმცა სესხის აღება მომგებიანი არ არის. როდესაც ისინი საბანკო დეპოზიტებსა და სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებში თავისუფალ სახსრებს ათავსებენ, მოთხოვნა საქონელსა და მომსახურებაზე მცირდება და ინფლაცია ნელდება. გაყინვის შემთხვევაში მეანაბრეები ბანკებისა და, მთლიანად, ფინანსური სისტემის მიმართ ნდობას დიდი ხნით დაკარგავენ,“ - წერს ბანკი.