მსოფლიოს ინოვაციურ ლიდერებს გლობალური ინოვაციების ინდექსი (GII) 78 ინდიკატორის მიხედვით, 139 ქვეყნის შედეგებზე დაყრდნობით ავლენს. 2025 წლის რეიტინგის მიხედვით კი მსოფლიოს მთავარ ნოვატორად კვლავაც შვეიცარია რჩება.

2025 წელს ჩინეთი საუკეთესო ათეულში ისტორიაში პირველად შევიდა. ამასთან, საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნები - ინდოეთი, თურქეთი, ვიეტნამი, ფილიპინები, ინდონეზია, მაროკო, ალბანეთი და ირანი - 2013 წლის შემდეგ რეიტინგში ყველაზე სწრაფად დაწინაურდნენ.

გლობალური ინოვაციების ინდექსი საქართველოსაც აფასებს, რომელმაც 2025 წლის ანგარიშში 31.2 ქულა დაიმსახურა და 56-ე ადგილი დაიკავა.

საუკეთესო ათეული, მაქსიმალური 100-ქულიანი შეფასების მიხედვით, ასე გამოიყურება:

ქვეყანა

შეფასება

1

შვეიცარია

66.00

2

შვედეთი

62.60

3

აშშ

61.70

4

სამხრეთ კორეა

60.00

5

სინგაპური

59.90

6

გაერთიანებული სამეფო

59.10

7

ფინეთი

57.70

8

ნიდერლანდები

57.00

9

დანია

56.90

10

ჩინეთი

56.60

შვეიცარია გლობალური ინოვაციების ინდექსის სათავეში უკვე ზედიზედ მე-15 წელია დგას. ის ინარჩუნებს გლობალურ ლიდერობას "შემოქმედებითი პროდუქტების" მიმართულებით და საუკეთესო ხუთეულშია ყველა სხვა კომპონენტში, გარდა "ადამიანური კაპიტალისა და კვლევებისა" (მე-6 ადგილი).

შვედეთი და ამერიკის შეერთებული შტატები მესამე წელია, მე-2 და მე-3 პოზიციებს ინარჩუნებენ.

შვედეთი მეორე ადგილზეა მსოფლიოში როგორც "ბიზნესის დახვეწილობით", ისე "შემოქმედებითი პროდუქტებით". ის ლიდერობს ისეთ ინდიკატორებში, როგორიცაა მკვლევრების რაოდენობა (1-ელი), გლობალური ბრენდის ღირებულება (მე-2), R&D-ზე (კვლევა და განვითარება) გაწეული მთლიანი ხარჯები (მე-3) და ცოდნატევადი დასაქმება (მე-3).

აშშ ლიდერობს "ბაზრისა" და "ბიზნესის დახვეწილობის" მიმართულებით. პირველ ადგილზეა R&D-ში გლობალური კორპორატიული ინვესტორების კუთხით, რითაც ინოვაციების სტიმულირებაში კერძო სექტორის ცენტრალურ როლს უსვამს ხაზს. აშშ-ის ძლიერ პოზიციებს განაპირობებს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი შიდა ბაზარი (მე-2 ადგილი), კერძო სექტორის მყარი შიდა დაკრედიტება (მე-4) და სტარტაპების დინამიკური დაფინანსება. თუმცა, მისი შედეგი ინფრასტრუქტურის კუთხით (32-ე) შედარებით დაბალია. აშშ-ში მდებარეობს 22 ინოვაციური კლასტერი, რომლებიც გამოირჩევა ვენჩურული კაპიტალის (VC) მაღალი აქტივობითა და უნივერსიტეტებსა თუ ინდუსტრიას შორის მჭიდრო კავშირებით. მაგალითად, სან-ხოსე-სან-ფრანცისკოს კლასტერი, რომელსაც "სილიკონ ველი" უდგას სათავეში, გლობალურად მე-3 ადგილზეა და ინოვაციების ინტენსივობით ლიდერობს.

სამხრეთ კორეა 2025 წელს მე-4 ადგილზე დაწინაურდა, რაც მისი ისტორიული მაქსიმუმია. ის გლობალურად ლიდერობს "ადამიანური კაპიტალისა და კვლევების" მიმართულებით და საუკეთესო სამეულშია მკვლევრების რაოდენობითა თუ R&D ხარჯებით.

სინგაპური საუკეთესო ხუთეულს ასრულებს (გასულ წელთან შედარებით ერთი პოზიციით ჩამოქვეითდა). ის ინარჩუნებს ქვეყნის სტატუსს, რომელსაც ყველაზე მეტ (78-დან 10) ინდიკატორში უკავია პირველი ადგილი, რითაც უსწრებს აშშ-სა და ჩინეთს. სინგაპური ლიდერობს ინოვაციების რესურსებში (inputs), თუმცა ჩამორჩება ლიდერებს ინოვაციების შედეგებში (outputs), განსაკუთრებით "შემოქმედებით პროდუქტებში" (მე-15 ადგილი).

ათეულში ძლიერ პოზიციებს ინარჩუნებენ ფინეთი (მე-7) და ნიდერლანდები (მე-8). ფინეთი გამოირჩევა ინფრასტრუქტურით (მე-3), ხოლო ნიდერლანდები - შემოქმედებითი პროდუქტებით (მე-6), რაც დაბალანსებულ ინოვაციურ ეკოსისტემას ასახავს. დანიამ (მე-9) ერთი პოზიციით წაიწია წინ, რაც ინსტიტუტების, ICT ხელმისაწვდომობისა და ონლაინ კრეატიულობის მაღალმა მაჩვენებლებმა განაპირობა.

ჩინეთი ისტორიაში პირველად შევიდა GII-ის საუკეთესო ათეულში და გლობალურად ლიდერობს "ცოდნისა და ტექნოლოგიების შედეგებით". ის ერთადერთი საშუალოშემოსავლიანი ეკონომიკაა ტოპ 30-ში და თავის რეგიონში მხოლოდ სინგაპურსა და სამხრეთ კორეას ჩამორჩება. WIPO-ს შეფასებით, ჩინეთი 2024 წელს R&D-ზე ყველაზე მეტს დახარჯავს. ის ლიდერობს პატენტების განაცხადებით და მასპინძლობს ყველაზე მეტ (24) ტოპ 100 ინოვაციურ კლასტერს. მაღალტექნოლოგიური ექსპორტი და პოზიცია გლობალური ღირებულების ჯაჭვებში (განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის, ნახევარგამტარებისა და მწვანე ტექნოლოგიების სფეროებში) სულ უფრო მყარდება. მართალია, ჩინეთი ტრადიციულად ჩამორჩებოდა კერძო ინოვაციების დაფინანსების კუთხით, თუმცა ამ სხვაობას სწრაფად ფარავს და ინოვაციების სტიმულირებაში კერძო სექტორის როლი სულ უფრო იზრდება.

bm.ge