აღდგენილია 350 საფეხბურთო მოედნის ფართობის დეგრადირებული ურბანული ტერიტორიები.

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქი გამწვანების პროცესს გადის. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მილანში სამი მილიონი ახალი ხე და ბუჩქი დაირგვება, რაც ქალაქის სმოგით დაფარული ქუჩების გაწმენდას შეუწყობს ხელს.

ოქტომბრის მონაცემებით, ჰაერის ხარისხის რეიტინგში ეს იტალიური მეტროპოლია მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული ქალაქების ათეულში მე-7 ადგილზე მოხვდა და IQAir-ის სიაში ერთადერთი ევროპული ქალაქი აღმოჩნდა. ეს, ნაწილობრივ, დაბლობში — პოს აუზში — მდებარეობით არის განპირობებული, რაც ჰაერის ცირკულაციას ზღუდავს; ამას ემატება ინტენსიური სოფლის მეურნეობა და მავნე გამონაბოლქვი, ვინაიდან ეს რეგიონი მჭიდროდაა დატვირთული სამრეწველო ობიექტებით.

პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია, Fondazione Forestami, აცხადებს, რომ ქუჩებში, სახურავებსა და ფასადებზე მეტი მწვანე ნარგავის განთავსება ყველაზე იაფი და ეფექტიანი გზაა წვრილი მტვრის გასაფილტრად, ქალაქის გასაგრილებლად და მცხოვრებთა კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.

2019 წელს დაწყებული ქალაქის გამწვანების პროექტის ფარგლებში თითქმის 640 000 ხე და ბუჩქი დაირგო. ამ წამოწყებამ მის ავტორს — იტალიელ არქიტექტორ სტეფანო ბოერის (რომელმაც მილანის ცნობილი „ვერტიკალური ტყე“ შექმნა) — ევროპის ფილტვის ფონდის (ELF) ჯილდო მოუტანა, რითაც აღინიშნა მისი საქმიანობა და ერთგულება ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საქმისადმი.

ამჟამად პროექტი ახალი აღიარებით დაჯილდოვდა — მას მიენიჭა გაეროს „აღდგენის ფლაგმანი ინიციატივის“ (UN World Restoration Flagship) სტატუსი. ამის შესახებ 29 ოქტომბერს, სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართულ გაეროს ბიომრავალფეროვნების კონფერენციაზე (COP17) გახდა ცნობილი.

ვრცლად euronews – ზე