პარკირების პრობლემის ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტა - ქართულ ბაზარზე ტექნოლოგიური კომპანია „მოვედი“ გამოჩნდა. პარკინგის პრობლემის მოსაგვარებლად ტექნოლოგიურმა კომპანიამ „მოვედი“ (Movedi Mobility) ციფრული ეკოსისტემა შექმნა.

როგორც პლატფორმის დამფუძნებელმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, „მოვედის“ მიზანია თავისუფალი საპარკინგე ადგილის მფლობელები და მძღოლები ერთმანეთთან დააკავშიროს.

„თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში პარკინგის ადგილის ძებნა ავტომფლობელებისთვის ყოველდღიურ გამოწვევად რჩება. პრობლემა არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის ნაკლებობაში, არამედ არსებული სივრცეების არარაციონალურ გადანაწილებაშია - სანამ მძღოლები საცობში დროსა და საწვავს კარგავენ, კერძო ეზოებში, სასტუმროებსა თუ ბიზნესცენტრებში უამრავი საპარკინგე ადგილი აუთვისებელი რჩება. თუმცა, სწორი ციფრული ინსტრუმენტებითა და საზოგადოების ჩართულობით, მისი მოგვარება სრულიად რეალურია. მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ აქტიურად მიდის რეგისტრაცია და ჯავშნების გაკეთება ჩვენს აქტიურ ოპერატორებთან,“ - განაცხადა დანიელ დოინიცინმა

ახალი პლატფორმის მეშვეობით მძღოლს საშუალება აქვს აპლიკაციით წინასწარ შეარჩიოს, დაჯავშნოს და გადაიხადოს პარკინგის საფასური წუთობრივი, საათობრივი ან დღიური ტარიფით. თავის მხრივ, კერძო ობიექტებსა თუ ავტოსადგომებს საშუალება აქვთ საკუთარი უმოქმედო სივრცეები პლატფორმაზე განათავსონ და დამატებითი შემოსავალი მიიღონ. მთლიანი პროცესის ავტომატიზაციასა და წვდომის მართვას კომპანია Vision AI ტექნოლოგიითა და NVIDIA-ს ბაზაზე შექმნილი ჭკვიანი მოწყობილობებით უზრუნველყოფს.

„მოვედიმ“ ოფიციალური ოპერირება ერთი კვირის წინ დაიწყო. ამ ეტაპზე უკვე ჩაშვებულია ვებ-აპლიკაცია და სისტემა ქუთაისში, კერძოდ ქუთაისის აეროპორტის მიმდებარედ, 2 კერძო ოპერატორთან თანამშრომლობს. წლის ბოლომდე იგეგმება iOS და Android-ის აპლიკაციების ჩაშვება. გარდა ამისა, მოლაპარაკება მიმდინარეობს კიდევ 10 კერძო ოპერატორთან, რის შედეგადაც პლატფორმა წლის ბოლომდე თბილისსა და ბათუმშიც გაფართოვდება.

წყარო: „ბიზნესპარტნიორი“