პრაღის ზოოპარკში მომვლელები მშობლების მიერ მიტოვებული ბარტყის გადარჩენას თოჯინათი ცდილობენ. ყვითელთავა სვავის ეს ბარტყი, რომელიც ყუთში ზის, სამი კვირის წინ გამოიჩეკა, თუმცა ის მშობლებმა მიატოვეს. ეს მას საფრთხეში აგდებს, რადგან ჩვეულებრივ, ბარტყებს მშობლები კვებავენ ხოლმე. ამ შემთხვევაში კი, ამ როლის შესრულებას ზოოპარკის თანამშრომლები თოჯინების დახმარებით ცდილობენ.
მომვლელი ამბობს, რომ თუ ბარტყებს პირდაპირ ხელით გამოკვებავენ, ფრინველი ადამიანებს შეეჩვევა და შემდეგ გამრავლება და გადარჩენა გაუჭირდება.
„ჩვენ წიწილებს თოჯინების მეშვეობით ვკვებავთ იმისთვის, რომ ისინი ადამიანებზე დამოკიდებულები არ გახდნენ. მაქსიმალურად ვიყენებთ მისი აღზრდის ყველაზე ბუნებრივ მეთოდს. მანამდე ვცადეთ, რომ მშობლები ბუდეზე დაგვებრუნებინა, თუმცა ეს არ გამოვიდა. თუ მაინც გავაგრძელებდით, ეს ბარტყებისთვის უკვე ძალიან სახიფათო იქნებოდა”, – ამბობს ანტონინ ვაიდლი, ფრინველების მომვლელი.
ანტონინ ვაიდლის თქმით, არ არის აუცილებელი, რომ თოჯინა ზრდასრულ ფრინველს იდეალურად ჰგავდეს, რადგან წიწილები გენეტიკურად არიან კოდირებულნი, რომ გარკვეულ ნიშნებზე ჰქონდეთ რეაგირება და მშობლები ამოიცნონ. ამ სახეობაში ასეთი ნიშანი უბუმბულო თავი და კანის ღია ნარინჯისფერი შეფერილობაა.
ყვითელთავა სვავები ლათინურ ამერიკასა და მექსიკაში ველურ ბუნებაში ბინადრობენ. ევროპაში მათ მხოლოდ სამ ზოოპარკში ამრავლებენ, ერთ-ერთია პრაღის.
ბარტყების გაზრდის ასეთი მეთოდი წარსულშიც გამოუყენებიათ, რათა გადაერჩინათ გადაშენების პირას მყოფი იავური მწვანე კაჭკაჭისა და რქაცხვირების ბარტყები.