ქვანახშირიდან სუფთა ენერგიაზე გადასვლის დაჩქარების მიზნით, პოლონეთი ევროპაში BWRX-300-ის ტექნოლოგიით პირველ, ე.წ. მცირე მოდულური რეაქტორის (SMR) მშენებლობას გეგმავს. სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია Orlen-ის ინფორმაციით, მცირე მასშტაბის მოდულური ბირთვული ატომური სადგური ქალაქ ვლოცლავეკში აშენდება.
„ევროპაში პირველი, მცირე მასშტაბის BWRX-300-ის ატომური ელექტროსადგური პოლონეთში აშენდება: ჩვენ მომავლის ენერგიას შევქმნით“, – ნათქვამია Orlen-ის აღმასრულებელი დირექტორის, ირენეუშ ფაფარას პრესრელიზში. პროექტი Orlen-სა და Synthos Green Energy-ს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში განხორციელდება. არსებული გათვლებით, პოლონეთის უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანია Orlen-ი 2035 წლისთვის 0.6 გიგავატის სიმძლავრის მინიმუმ ორი SMR-ის ამოქმედებას გეგმავს.
შეთანხმების პირობებით, Orlen-ი და Synthos Green Energy ერთობლივ საწარმოს Orlen Synthos Green Energy-ს (OSGE) ჩამოაყალიბებენ, კომპანიაში თანაბარი 50-50%-იანი წილით. შეთანხმების ძირითადი პუნქტი OSGE-ისთვის, აშშ-ში შემუშავებულ BWRX-300-ის ტექნოლოგიაზე სრულ წვდომას უზრუნველყოფს. პრესრელიზის თანახმად, კომპანიებს შორის მიღწეული შეთანხმება პოლონეთის პირველი, SMR ატომური ელექტროსადგურის მშენებლობით დასრულდება.
2023 წელს პოლონეთმა ქვეყნის მასშტაბით 24 ახალი მცირე მოდულური რეაქტორის (SMR) მშენებლობა დააანონსა. ვლოცლავეკის ელექტროსადგური კრიტიკული ნაბიჯია პოლონეთის ფართომასშტაბიანი სტრატეგიისთვის, რომელიც წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირებას ითვალისწინებს. ანალიტიკური ცენტრის, Forum Energii-ს ანგარიშის თანახმად, 2019 წელს, ევროკავშირში შინამეურნეობის მიერ მოხმარებული ქვანახშირის დაახლოებით 87% პოლონეთზე მოდიოდა.