აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) ესპანეთი, საფრანგეთი და იტალია რუსეთის მხრიდან დრონებით შესაძლო თავდასხმის შესახებ გააფრთხილა. ინფორმაციას ესპანური გამოცემა El Mundo ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ევროპულმა მთავრობებმა აღნიშნული ინფორმაცია 25 აგვისტოს, CIA-ის დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ მიიღეს. ამერიკულმა დაზვერვამ ევროპელ პარტნიორებს შესაძლო რუსული ესკალაციის შესახებ ინფორმაცია გადასცა.
El Mundo-ს წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი შესაძლო სცენარი კომერციული გემებიდან, კონტეინერების გამოყენებით, დრონების გაშვებას გულისხმობს. გამოცემის ცნობით, შესაძლოა გამოყენებული იყოს რუსული დრონი „გერბერა“, რომელსაც დიდი ობიექტების განადგურება არ შეუძლია, თუმცა შეუძლია ხანძრის გამოწვევა, ინფრასტრუქტურის დაზიანება და პორტების ან აეროპორტების მუშაობის დროებითი შეფერხება.
ევროპული მხარეები ბოლო პერიოდში რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული და დივერსიული მოქმედებების გააქტიურების საფრთხეზე საუბრობენ. საფრანგეთმა, გავრცელებული ინფორმაციით, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე შესაძლო დრონებისა და კიბერშეტევებისთვის მზადყოფნა გააძლიერა.
ამასთან, El Mundo აღნიშნავს, რომ რუსეთის შესაძლო გეგმებზე ცნობები ბოლო კვირებში არაერთხელ გავრცელდა, მათ შორის პოლონეთისა და სხვა უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების წინააღმდეგ შესაძლო ჰიბრიდული თავდასხმების შესახებ.